ლუკა თარხან-მოურავი – ახალგაზრდა მსახიობი დიდი გეგმებით

© FB / Luka Tarkhan-mouraviლუკა თარხან-მოურავი
ლუკა თარხან-მოურავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი ლუკა თარხან-მოურავი ქართველმა მაყურებელმა სერიალ „ქერჩიდან“ გაიცნო. შემდეგ იყო „ჰეროკრატია“ და უამრავი პატარ-პატარა პროექტი, რამაც ლუკას დიდი პოპულარობა მოუტანა.

მისი პოპულარობა ქვეყნის საზღვრებსაც გასცდა. ლუკას დებიუტი შედგა კინოკომპანია Warner Brothers-ის პროექტში The Search, რომელიც ფრანგმა რეჟისორმა მიშელ ჰაზანავიჩუსმა საქართველოში გადაიღო. ასევე მონაწილება აქვს მიღებული ორ რუსულ სერიალში. ახლო მომავალში აშშ-ში გამგზავრებას გეგმავს, თუმცა საქართველოდან სამუდამოდ წასვლას არ ფიქრობს. ამბობს, რომ სამშობლოშიც ბევრი გეგმა აქვს…

© FB / Luka Tarkhan-mouraviლუკა თარხან-მოურავი
ლუკა თარხან-მოურავი - Sputnik საქართველო
ლუკა თარხან-მოურავი

 

— ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა სცენა. ვმღეროდი ხალხური სიმღერების გუნდში და ამან ძალიან შემაყვარა სცენა. გარდატეხის ასაკის მერე შემეცვალა ხმა და აღარ მქონდა ის მონაცემები, რომელიც სჭირდებოდა ქართულ ფოლკლორს, ამის გამო მომიწია თავის დანებება. სკოლის დამთავრებამდე ვფიქრობდი, რომ ჩამებარებინა იურიდიულზე, თუმცა გადავიფიქრე. ჩვენი ოჯახის ახლობელია ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი. რადგან გადაწყვეტილი მქონდა სამსახიობოზე ჩაბარება, ჩემმა მშობლებმა დაურეკეს ქალბატონ მანანას და სთხოვეს შეემოწმებინა ჩემი ნიჭი. თუმცა ჩემგან უჩუმრად უთქვამთ, როცა მოვა, უთხარით, რომ უნიჭოა და თეატრალურისთვის არ გამოდგებაო. როცა მნახა ქალბატონმა მანანამ, გადაირია, სად უნდა წახვიდე, ძალიან ნიჭიერი ხარ და უნივერსიტეტს რომ დაამთავრებ, ჩემთან, მუსკომედიის თეატრში უნდა წაგიყვანოო. ჩაბარებამდე დაახლოებით ორი თვე იყო დარჩენილი. ქალბატონმა მანანამ შემირჩია საგამოცდო მასალა და გავედი გამოცდაზე. საკმაოდ წარმატებით ჩავაბარე და მოხვდი იმ ჯგუფში, სადაც მინდოდა. ასე დაიწყო ჩემი სამსახიობო კარიერა.

© FB / Misha Gomiashviliმიშა გომიაშვილი, ზურაბ ყიფშიძე და ლუკა თარხან-მოურავი
მიშა გომიაშვილი, ზურაბ ყიფშიძე და ლუკა თარხან-მოურავი - Sputnik საქართველო
მიშა გომიაშვილი, ზურაბ ყიფშიძე და ლუკა თარხან-მოურავი

– თქვენი დებიუტი სად შედგა?

— სწავლა დაწყებული არ მქონდა, ქუჩაში დავინახე განცხადება, სადაც ეწერა, რომ ეძებდნენ რუსის ტიპის ქერა ბიჭს. მივედი, გადამიღეს სურათი. დაახლოებით ექვს თვეში დამირეკეს და დამიბარეს კასტინგზე. მათამაშეს რაღაც სცენები. უცხოელი რეჟისორი დამხვდა. ძალიან უშუალოდ და თავისუფლად ვიქცეოდი, რაღაც ვეხუმრე კიდეც. როცა გამოვედი, პროდიუსერმა მითხრა, საით მიდიხარ, მე გაგიყვანო. მანქანაში მეკითხება, იცი, ეს რეჟისორი ვინ იყოო, არ ვიცი–მეთქი. ფილმი „არტისტი“ ხომ გინახავს, ოსკარზე საუკეთესო ფილმის წოდება რომ მიიღოო, ჰოდა მაგის რეჟისორი მიშელ ჰაზანავიჩუსი იყოო. სახეზე ფერი შემეცვალა… მოკლედ, დამამტკიცეს როლზე. ეს იყო ჩემი დებიუტი კინოკარიერაში. ვთვლი, რომ საკმაოდ გამიმართლა.

© FB / Luka Tarkhan-mouraviლუკა თარხან-მოურავი გადაღებაზე კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად
ლუკა თარხან-მოურავი გადაღებაზე კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
ლუკა თარხან-მოურავი გადაღებაზე კოლეგებთან და მეგობრებთან ერთად

– ამ შემთხვევამ რა გავლენა იქონია შემდეგ თქვენ მომავალ კარიერაზე?

— ამ პროექტს არანაირი გავლენა არ მოუხდენია ჩემ კარიერაზე. ამის გამო არსად, არც ერთ როლზე არ დავუმტკიცებივარ სხვა რეჟისორს. ამის შემდეგ იყო ძალიან ბევრი რეკლამები, პატარ-პატარა პროექტები.

რუსი რეჟისორი იღებდა სერიალს. ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა და მივედი კასტინგზე. სერიალში დამამტკიცეს მეორეხარისხოვან როლზე. იქ გავიცანი ქართველი მსახიობი ზაზა ჭანტურია, რომელსაც ჰყავდა რუსეთში აგენტი და მასთან გამიწია რეკომენდაცია. სწორედ ამ პერიოდში რუსეთში საკმაოდ დიდი პროექტისთვის ეძებდნენ ქართველ მსახიობს. ორ კვირაში დამირეკა აგენტმა და მითხრა, რომ ეძებენ მსახიობს და ჩასაწერია სინჯი. ერთ კვირაში ჩავწერე და გავუგზავნე. მოვიდა პასუხი, რომ დამტკიცებული ვარ როლზე. სერიალი რუსეთ-ავღანეთის ომზეა და ერქმევა Вернуть любой ценой. ამ სერიალში ვითამაშე მთავარი როლი — განვასახიერე ქართველი ჯარისკაცი.

© FB / Luka Tarkhan-mouraviლუკა თარხან-მოურავი და მისი კოლეგა გადაღებაზე
ლუკა თარხან-მოურავი და მისი კოლეგა გადაღებაზე - Sputnik საქართველო
ლუკა თარხან-მოურავი და მისი კოლეგა გადაღებაზე

– სად მიმდინარეობდა გადაღებები?

— გადაღებები ძირითადად ყაზახეთში მიმდინარეობდა. საკმაოდ რთული პირობები იყო. მინუს 20 გრადუს ყინვაში გვიწევდა ზაფხულის სცენის გადაღება მოკლემკლავიანი ტანსაცმლით. ერთ ღამეს მინუს 35 გრადუსშიც კი მოგვიწია მუშაობა. ამის მერე გადაღებები მიდიოდა მოსკოვში.

– დიდი პოპულარობა მოგიტანათ სერიალმა „ქერჩი“…

— ამ სერიალში ჩემი ჯგუფიდან საკმაოდ ბევრი მსახიობი დაამტკიცეს როლზე, მათ შორის მეც. მანამდე ომის თემაზე ორ ფილმში მქონდა მონაწილეობა მიღებული, ამიტომ ეს თემა ჩვეული იყო ჩემთვის. ბოლოს რაღაც გაურკვევლობები მოხდა და ცოტა გულდაწყვეტილი წამოვედი. ზუსტად ამ დროს დამიძახა გოგა ხაინდრავამ სერიალში „ჰეროკრატია“, სადაც განვასახიერე პატიმარი ალექსანდრე ახალკაცი, რომელიც რეალური პერსონაჟია და მართლა აქვს გამოცდილი ის ყველაფერი, რაც სერიალშია ნაჩვენები. ამ სერიალზე მუშაობა დიდი პასუხისმგებლობა იყო ჩემთვის, რამაც მომცა შანსი საკუთარ თავზე ბევრი მემუშავა.

© FB / Bidzina Macharashviliბიძინა მაჭარაშვილი, გიორგი დევაძე და ლუკა თარხან-მოურავი ყაზახეთში ფილმის გადაღებაზე
ბიძინა მაჭარაშვილი, გიორგი დევაძე და ლუკა თარხან-მოურავი ყაზახეთში ფილმის გადაღებაზე - Sputnik საქართველო
ბიძინა მაჭარაშვილი, გიორგი დევაძე და ლუკა თარხან-მოურავი ყაზახეთში ფილმის გადაღებაზე

– ინტერნეტ-სივრცე ააფეთქა კლიპმა „ჩემი საქართველო აქ არის“. როცა ამ კლიპზე მუშაობდით, ფიქრობდით, რომ ასეთი პოპულარული გახდებოდა?

— ცხადია, ველოდი. „ქართულმა ოცნებამ“ საკმაოდ დიდი პიარი გაიკეთა ამით ყველა ასპექტში. ზუსტად ვიცოდი, რომ ხალხი აიტაცებდა. საქართველოს ძალიან ცოტა კუთხეში ვიყავი ნამყოფი. ამ კლიპმა საშუალება მომცა ვწვეოდი თითქმის ყველა კუთხეს. ძალიან რთული გადაღებები იყო. ფაქტიურად არ გვეძინა, მანქანაში თუ მოვასწრებდით 2-3 საათით დაძინებას. მინდა გამოვარჩიო გურია, სადაც საოცრად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი დაგვხვდა. ძალიან საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ კლიპში არ მღერიან პროფესიონალი მომღერლები. ეს ადამიანები იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც სპეციალურად შეარჩიეს კლიპისთვის.

– გაქვთ საოცნებო როლი, ან პერსონაჟი, რომლის განსახიერებაც გსურთ?

— კომედიის მსახიობებს ძალიან იზიდავთ მანიაკის როლი. ჩემი ყველაზე საყვარელი პერსონაჟია ჰანიბალ ლექტერი. საოცნებო როლი კი მანიაკია, თუმცა არა კაციჭამია მანიაკი.

– როლი, რომელსაც ვერასოდეს ითამაშებთ…

— ის, რასაც ვერასოდეს ვითამაშებ, არის რომანტიკა. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია.

– რამ განაპირობა ეს, იმან, რომ არ ხართ რომანტიკული თუ პირიქით?

— პირიქით, რომანტიკული ვარ და ამას ვერ ვითამაშებ, ხელოვნურად ვერ შევალ როლში.

– თქვენი გადმოსახედიდან პოპულარობა რთულია თუ, პირიქით, სასიამოვნო?

— რა თქმა უნდა, პოპულარობა სასიამოვნოა, თუმცა ვთვლი, რომ საქართველოში დღეს ცოტა რთულია. მე პირადად  ვცდილობ შავ პიარში არ გავყო თავი.

© FB / Luka Tarkhan-mouraviლუკა თარხან-მოურავი
ლუკა თარხან-მოურავი - Sputnik საქართველო
ლუკა თარხან-მოურავი

– ქართველ ხელოვანებზე რას გვეტყვით, რა დამოკიდებულება აქვთ საკუთარი პროფესიისადმი?

— საქართველოში ხელოვან ხალხს, რატომღაც, უცნაური შეხედულებები აქვთ საკუთარ პროფესიასთან დაკავშირებით. მაგალითად, ყველას უნდა „ოსკარი“, მაგრამ არ უნდათ ინგლისურის სწავლა. ერთეულებია, ვინც მართლა ძალიან დიდ შრომას დებს და არ კმაყოფილდებიან იმით, რაც აქვთ.

– რომ გქონდეთ შემოთავაზება, საქართველოდან წახვიდოდით?

— აუცილებლად. ისედაც ვგეგმავ წასვლას. გარკვეული შემოთავაზებები მაქვს ამერიკიდან. რამდენიმე სააგენტოსთან მაქვს მიმოწერა. ვიცი, რომ იქ ძალიან მძიმე შრომა მომიწევს, მაგრამ ეს დაღლაც სასიამოვნო იქნება. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებ საქართველოდან სამუდამოდ წასვლას. არანორმალურად მიყვარს საქართველო და დიდი გეგმები მაქვს ჩემ ქვეყანასთან დაკავშირებით…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0