თბილისი, 17 ნოემბერი —Sputnik. თბილისში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში გაიხსნა საქართველოში პირველი და რეგიონში ყველაზე დიდი წიგნის მუზეუმი, რომლის ფონდიც 19 ათასზე მეტ უნიკალურ გამოცემას ინახავს. მუზეუმში დაცული იქნება ყველა ქართული ბეჭდური წიგნი.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, წიგნის მუზეუმი ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტია ამ სფეროში. მუზეუმი ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენაა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი:
საკუთრივ იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი – მაგალითად ქართულ-იტალიური ლექსიკონი (1629წ), ვახტანგის სტამბის გამოცემები, ინკუნაბულა და სხვა;
„ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი – აქ წარმოდგენილია პოემის ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე;
ილიას დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით;
ბროსეს საცავი – ულტრათანამედროვე საცავი, აღჭურვილი შესაბამისი კლიმატ–კონტროლის აპარატურით.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი გამოცემებისთვის საცავის და მუზეუმის გამართვა ბიზნესის თანადგომით გახდა შესაძლებელი. ამჯერად ეროვნული ბიბლიოთეკის პარტნიორი იყო ,,დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი’’, რომლის მხარდაჭერითაც მოხდა იმ იდეის განხორციელება, რომელიც ჯერ კიდევ გალაკტიონმა გამოთქვა წლების წინ (საქართველოში წიგნის მუზეუმის მოწყობა სწორედ მისი ჩანაფიქრი იყო), ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
წიგნის მუზეუმის გახსნას აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და წიგნის მოყვარულები დაესწრნენ.
ხატია გიგოლაშვილი