თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსიმ თბილისში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ბელარუსული წარმოების ლიფტების შემოტანა და ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მათი წარმოების განთავსების საკითხი განიხილეს.
მიხაილ რუსი საქართველოს საქმიანი ვიზიტით 15 ნოემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
„შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ერთობლივ პროექტებზე, მათ შორის, საქართველოში ბელარუსული წარმოების ლიფტების შემოტანა-დამონტაჟების, პერსპექტივაში კი მათი საქართველოში აწყობის შესახებ. გარდა ამისა, საუბარი წარიმართა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე", — ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე.
ადრე საქართველოში ბელარუსის ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა განაცხადა, რომ თბილისსა და სხვა ქალაქებში ამ დრომდე ექსპლუატაციაში საბჭოთადროინდელი ბელარუსული, კონკრეტულად კი მოგილიოვის ლიფტებია, რომლებიც შეცვლას საჭიროებენ.
შეხვედრის დროს დადებითად შეფასდა საქართველოსა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრების ინიციატივით ჩამოყალიბებული სავაჭრო-ეკონომიკური ჯგუფის მუშაობა, რომელმაც პოზიტიურ ეკონომიკურ მაჩვენებლებს უკვე მიაღწია. აღინიშნა, რომ 2017 წლის ცხრა თვეში სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის 24%-ით, ექსპორტი კი — 50%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ტურიზმს, საქართველოში 2017 წლის ათი თვის განმავლობაში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 28%-ით მეტი ტურისტი ჩამოვიდა.
შეხვედრის დროს დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც ამავე დროს საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის თანათავმჯდომარეა, ბელარუსელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მიხაილ რუსი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან და ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოში ბელარუსის კულტურის დღეების გახსნის საზეიმო ცერემონიაში.
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში ვიზიტს 2018 წლის პირველ ნახევარში გეგმავს. ამის შესახებ ბელარუსში საქართველოს ელჩის, დავით კოტარიასა და ლუკაშენკოს შეხვედრის დროს გახდა ცნობილი.
ეს ვიზიტი ლუკაშენკოსთვის პირველი არ იქნება — ბელარუსის პრეზიდენტი პირველად საქართველოს 2015 წლის აპრილში ეწვია.
ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ბელარუსში საქართველოს საელჩო 2007 წელს გაიხსნა, რომელიც მინსკის ცენტრში მდებარეობს. ბელარუსულმა დიპლომატიამ საქართველოში მუშაობა 2016 წელს დაიწყო.