იმედო პაპას „თბილისური სასტავი“ ისრაელში და სიმღერებით გადახდილი „ვალი“

© Courtesy of Imedo Janashviliიმედო ჯანაშვილი თბილისში
იმედო ჯანაშვილი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მის ლექსებზე დაწერილი ქართული სიმღერები ისრაელში დღეს პოპულარულია. მათში იმდენი სიკეთე და თბილისური „მუღამია", რომ ისინი შორეულ ისრაელშიც ჩვენებურად ჟღერს. ეს მასალა იმედო ჯანაშვილზე და იმ სიყვარულზეა, რაც მას წარსულის დავიწყების უფლებას არ აძლევს.

თავის დროზე საქართველოში სამედიცინო განათლება მიიღო და სტომატოლოგიურ სფეროში მუშაობდა. ისრაელში ასვლის მერე რთული ცხოვრება გაიარა, რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებზე იმუშავა და რადგან თვითონაც არავის ჰგავს, საკუთარი პრინციპების ერთგული ბოლომდე დარჩა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მის სიმღერებს ისრაელში დაბადებული ის ახალგაზრდებიც მღერიან, ვისაც საქართველო მხოლოდ ფოტოებით ან ვიდეოთი უნახავს. ბატონ იმედოს თელ-ავივში დავუკავშირდით.

© Courtesy of Imedo Janashviliიმედო ჯანაშვილი
იმედო ჯანაშვილი - Sputnik საქართველო
იმედო ჯანაშვილი

- ბატონო იმედო, თქვენი ბავშვობა და ახალგაზრდული წლები თბილისთანაა დაკავშირებული…

— დავიბადე თბილისში, ვსწავლობდი 147-ე საშუალო სკოლაში, რომელიც დიღმის მასივშია. შემდეგ იყო სტუდენტობა, დავამთავრე ეკონომიკური ფაკულტეტი, პარალელურად —მესამე სამედიცინო ტექნიკუმი. ვმუშაობდი პროთეზისტად პოლიკლინიკაში. 32 წლის ვიყავი, როცა ისრაელში, 1996 წელს მეუღლესთან, მაია აბრამიშვილსა და ორ შვილთან ერთად ამოვედი.

© Courtesy of Imedo Janashviliიმედო ჯანაშვილი ოჯახთან ერთად
იმედო ჯანაშვილი ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
იმედო ჯანაშვილი ოჯახთან ერთად

- შეგიძლიათ გაიხსენოთ რა სირთულეები შეგხვდათ თქვენთვის ახალ გარემოში?

— მიუხედავად იმისა, რომ ებრაელები ვიყავით და ისტორიულ სამშობლოში ვბრუნდებოდით, ემიგრაცია მაინც რთული იყო. ჩვენ არ ვიცოდით ენა და სულ სხვა მენტალიტეტი გვქონდა. მივხვდით, რომ იმ დროს საქართველოსგან განსხვავებით აქ არავინ გველოდა და არავის ვჭირდებოდით, მეგობრებიც არ გვყავდა. მივხვდით, რომ მოვიდა დრო, როცა როგორმე უნდა გადავრჩეთ: არ დავივიწყოთ ქართული და ამავე დროს აქაურსაც მივეჩვიოთ. აქ მეგობრობა ძალიან რთულია რადგან წინა პლანზე მაინც სხვადასხვა ინტერესებია… თუმცა ჩვენ შევძელით და აქ ჩვენი თბილისური სასტავი-სამეგობრო შევქმენით. დღეს სატრანსპორტო სისტემაში ვმუშაობ სარეკლამო განყოფილებაში და უკვე 21 წელია ამ ადგილზე ვარ.

© Courtesy of Imedo Janashviliიმედო ჯანაშვილი სცენაზე
იმედო ჯანაშვილი სცენაზე - Sputnik საქართველო
იმედო ჯანაშვილი სცენაზე

- ერთი პერიოდი თქვენ როგორც საქართველოში იტყვიან, ცნობილი სახეების „სეკურიტე“ იყავით და ეს განსაკუთრებულ რეჟიმში ცხოვრებას გაიძულებდათ, რამდენი წელი იმუშავეთ იქ?

— ყველაზე უცნაური ისაა, რომ ეს ამბავი ბევრმა არც იცის. მე 12 წელი ისრაელის პოპულარული სახეების და მომღერლების პირადი მცველი ვიყავი. რთული იყო ის, რომ დღეში სცენაზე 3 ან 4 კონცერტზე ან რესტორნებში მომღერლის გვერდზე დგომა მიწევდა. ვიცი, რომ საქართველოში ალბათ უცნაურად მოეჩვენებათ თუ რა უნდა პირად დაცვას სცენაზეო, მაგრამ ამისთვის აქ უნდა ცხოვრობდეს, რომ მიხვდეს რატომ იყო ამის საჭიროება და რა რთულია მუდმივად ამ რეჟიმში ცხოვრება…

- ისრაელში დაწერილი ქართული სიმღერები თქვენ ტექსტებზეა, რთულია იქ ქართული სიმღერები წეროთ?

— ვწერ იმას, რასაც გული მკარნახობს. შეიძლება ორი-სამი თვე ვერაფერი დავწერო, მაგრამ ხელოვნურად და ძალით არაფერს ვაკეთებ. როცა სხვის დაწერილს ვკითხულობ, მათ აზრს პატივს ვცემ და ვაფასებ. მინდა იმაზე ვწერო, რაც ნაღდია, კაცური და ადამიანური, ის რაც დღეს მოგვწონს, გვტკივა და გვიხარია. მკითხველის პირისპირ ვარ, თითქოს მის გვერდით ვზივარ და მასთან ვსაუბრობ. ჩემი ლექსები ხშირად გარითმული და პოეტურად შელამაზებული არ არის, მაგრამ ისრაელის მსმენელმა ისინი ასეთი მოიწონა და მიიღო. ამიტომ შეიძლება ითქვას, აქ ჩემი სჯერათ, საკმაოდ ცნობადი  ვარ. მომღერლები ჩემს შენიშვნებს ითვალისწინებენ, რადგან კარგად ვიცი რა უნდა ისრაელის მსმენელს. ვიცი, რომ ისრაელში ქართულად ნამღერი სიმღერები და მუსიკა ძალიან განსხვავდება საქართველოში ნამღერისგან, მაგრამ ვაკეთებ იმას, რაც ისრაელის მსმენელს უნდა. არ დავმალავ და ვამაყობ იმით, რომ ყველა სიმღერა ჰიტი გახდა. აქვე ვაკონკრეტებ, რომ უმეტესობა ისრაელში დაწერილია და აქაა პოპულარული.

© Courtesy of Imedo Janashviliიმედო ჯანაშვილი მალხაზ სეფიაშვილთან ერთად
იმედო ჯანაშვილი მალხაზ სეფიაშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
იმედო ჯანაშვილი მალხაზ სეფიაშვილთან ერთად

- და ამ სიმღერებს ისინიც მღერიან, ვისაც საქართველო არ უნახავს…

— დიახ, ამ სიმღერებს ისრაელში დაბადებული ებრაელები ქართულად მღერიან და მეამაყება, რომ მათ ქართულად ვამღერებ. ამ სიმღერებით მათში საქართველოსა და ქართული ენის სიყვარულს ვუნერგავ… სამწუხაროდ აქ ახალი თაობა რომ იბადება, მათ ქართული არ იციან და ამით თაობებს შორის ნელ-ნელა ჩნდება ბარიერი. ახალგაზრდები ქართულს სიმღერით უფრო სწავლობენ და მერე საუბარს იწყებენ. საქართველოშიც იმღერეს ჩემს ტექსტებზე დაწერილი სიმღერები ქართველმა მომღერლებმა:  ნინო ძოწენიძემ, როლანდ ჯანაშვილმა, თორნიკე ტატიშვილმა და ნატალი სულავამ. ამ ეტაპზე მზადდება დაახლოებით 15 სიმღერა და წლის ბოლომდე ოთხი სიმღერა  იქნება მზად.

- იმედო პაპა რატომ დაგარქვეს?

— ასე საქართველოში დამარქვეს, მაშინ 19 წლის ვიყავი, მაგრამ ეს სხვა ისტორიაა და ჯერ ვერ ვამხელ. თუმცა ამ რამდენიმე ხნის წინ ბევრის დაჟინებული თხოვნით მაინც გამოვამჟღავნე ვინ არის ეს ადამიანი. ჩემს ფანებს კი დავპირდი, როცა ის პიროვნება ჩემთან სტუმრად ჩამოვა — თავად გაგიმხელთ იმის მიზეზს, თუ რატომ დამარქვა 19 წლის ბიჭს პაპა… საქართველოში ცნობილ ხელოვან ადამიანებთან ბავშვობიდან მაქვს უდიდესი მეგობრობა, მიუხედავად იმისა, რომ მათთან შედარებით ძალიან პატარა  ვიყავი. ესენი არიან: თემურ წიკლაური, ჯემალ ბაღაშვილი, ნიკო ნადირაშვილი… ყველას ვერ ჩამოვთვლი. მიყვარს მუსიკა, სიმღერა და ხელოვან ხალხთან აზრების გაცვლა. მყავს უამრავი ქართველი მეგობარი, ადამიანები რომელთან ერთადაც დავიბადე და გავიზარდე. მყავს მოგვიანებით შეძენილი მეგობრებიც, რომლებთან უდიდესი სიყვარული მაკავშირებს. გულახდილად გითხრათ, ჩვენს შორის არასდროს ყოფილა მეგობრობა ინტერესის გამო, ეს იყო ნაღდი ურთიერთობა და ერთმანეთის ნახვა დღემდე გვიხარია. ჩემს ქართველი მეგობრებს საქართველოში დიდი ამაგი აქვთ ჩემზე და ამ სიყვარულის “ვალს“ სიყვარულის გამომხატველი ლექსებით და სიმღერებით ვიხდი…

- ბატონო იმედო, ამბობენ, რომ ცხოვრებაში თქვენ ყოველთვის განსხვავებული ინტერესები, პრინციპები და გემოვნება გქონდათ. ამის გამო უცნაურ კაცად გთვლიდნენ?

— დამიჯერებთ, რომ გითხრათ, 12 წელი სახლში არ ვყოფილვარ?!..  შემოვირბენდი ორ-სამ დღეში ერთხელ და მერე ისევ სამსახურში მივრბოდი. ერთმანეთს ვათავსებდი დილის და ღამის სამსახურს. ეს ძალიან მძიმე იყო, მაგრამ გავუძელი. მარტო მე არა, ჩემი ოჯახიც სხვებისგან განსხვავებული იყო. ბევრს დღემდე განსხვავებულ პიროვნებად მივაჩნივარ…მე თვითონაც ვგრძნობ, რომ სხვანაირად მიყურებენ. განსხვავებული ჩაცმის სტილი და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებული შეხედულებები მაქვს. მიყვარს მეგობრობა იმ ადამიანებთან, ვისგანაც ინტერესს კი არა, ჩემთან მეგობრობის სურვილს და სიყვარულს ვგრძნობ. თავისუფალი ვარ  და სხვისი პირადი ცხოვრება არასდროს მაინტერესებს. ჩემი დევიზია: დაე, ყველამ ისე იცხოვროს, როგორც სურს!

 

ყველა ახალი ამბავი
0