თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ გროისმანი სიტყვით გამოვა თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც 28-29 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია დღის წესრიგში ფორუმის ვებგვერდზე.
აბრეშუმის გზის ფორუმზე პროექტის მონაწილე ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს განიხილავენ.
გროისმანის გარდა, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მოლდოვის პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი (PAVEL FILIP), სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი (KARL ERJAVEC), არაბეთის გაერთიანებული საამიროების ტოლერანტობის მინისტრი ნაჰაიან მუბარაკ ალ-ნაჰაიანი (SHEIKH NAHAYAN MABARAK AL NAHAYAN).
გარდა ამისა, ფორუმზე ელიან აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტ უენჩაი ჟანგს (WENCAI ZHANG) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ალან პილოს (ALAIN PILLOUX).
ფორუმი ფოკუსირებულია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკის სექტორი, ნათქვამია განცხადებაში.
ფორუმის პირველ დრეს — 28 ნოემბერს სხვადასხვა სექტორში სადისკუსიო პანელები შედგება, ხოლო მეორე დღეს — 29 ნოემბერს დაგეგმილია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის განხილვა, ასევე კერძო და საჯარო სექტორის პოტენციურ ინვესტორებთან და პარტნიორებთან პირისპირ შეხვედრები გაიმართება.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა", რომელიც თბილისში პირველად 2015 წლის ოქტომბერში ჩატარდა, დიდი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია — მას 50 ქვეყნის სხვადასხვა ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელი და 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია ესწრებოდა.
აბრეშუმის გზა, რომელიც უძველეს სავაჭრო გზას წარმოადგენს, საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური აზიის გავლით ჩინეთს ევროპასთან აკავშირებდა. ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობის იდეა, რომელიც ჩინეთს ევროპის ქვეყნებს დაუკავშირებს, აზიისა და აფრიკის მეგობრობას გაამყარებს.
საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს, აბრეშუმის გზის განვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიოროტეტს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, ის ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით იქმნება, აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილია, მათ შორის ავტომაგისტრალი „აღმოსავლეთი-დასავლეთი", რკინიგზის მოდერნიზაცია, სარკინიგზო მონაკვეთი ბაქო-თბილისი — ყარსი და ანაკლიის პორტი.