თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შსს-მ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერა იმის გამო, რომ უწყების ვერტმფრენიდან, რომელშიც მღვდელმსახურები იმყოფებოდნენ, კახეთის სოფლებში ბავშვებისთვის კანფეტებს ყრიდნენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამინისტროზე დაყრდნობით.
კანფეტები დიდი შესვენების დროს გადაყარეს შილდის, გრემის, ენისელის, ალმათისა და საბუეს სკოლების ტერიტორიაზე. ეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საწვრთნელი გაფრენის დროს მოხდა. როგორც მასმედიაში აცხადებენ, კანფეტები ნაკურთხი იყო.
მოგვიანებით მომხდარზე კომენტარი გააკეთა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა.
„რა დაშავდა, მღვდლებმა ბავშვებს კანფეტები აჩუქეს, რა მოხდა მერე, შეიძლება რაღაცა ნორმებში არ ჯდებოდეს, მაგრამ დავაპატიმროთ ეს მღვდლები თუ რა გავაკეთოთ?!", – აღნიშნა მიქაელ ბოტკოველმა.
ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი აცხადებს, რომ პატრიარქის კურთხევით საქართველოს საზღვრების შემოფრენა ხატებით და საზღვრების კურთხევა ტრადიციაა და ეს პატრიარქის კურთხევით ხდება.
„ჩვენს ეპარქიას და საქართველოს საზღვრებს ხანდახან შემოვიფრენთ ხოლმე ხატებით და საზღვრებს ვაკურთხებთ. ადრე პატრიარქის კურთხევა იყო, რომ ყოველთვე თუ ვერ მოვახერხებთ, სამ თვეში ერთხელ მაინც ვაკურთხოთ. ამით საქართველოს ვიცავთ. ომიანობის პერიოდში, ასე, ხატები შემოატარეს მოსკოვს და მტერი ვერ შევიდა", — განაცხადა მიტროპოლიტმა.
ამასთან, მომხდარს შსს-ს გენერალური ინსპექცია უკვე იძიებს.