თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მინისტრმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ქართველი მფრინავების თავდადებზე ისაუბრა.
„ჩვენ, ერთად, მძიმე ზაფხული გამოვიარეთ, რომლის ფონზეც კიდევ უფრო გამოიკვეთა თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი თავდადება. სტიქიასთან ბრძოლის დროს, ცაზე თქვენი ყოველი გამოჩენა იყო იმედი, ძალა და შედეგი… და ამ 2000-ზე მეტმა აფრენამ ყველას დაანახა, თუ რა შეუძლია სამშობლოსა და საქმის სიყვარულით გულანთებულ ადამიანს. იმ მძიმე წუთებში თქვენმა შვილებმა, ჩვენმა მომავალმა თაობამ, საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ იქცევიან ნამდვილი გმირები", — განაცხადა მღებრიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ჰყავს მაღალი კლასის მფრინავები, ეკიპაჟის წევრები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ხშირად ვერტმფრენით წარმოუდგენელ მანევრს ასრულებენ განსაცდელში მყოფი ადამიანების დასახმარებლად.
„ჩემთვის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, დიდი პატივია თქვენთან ერთად მუშაობა. თქვენ ყოველთვის ღირსეულად დგახართ ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიძლიერის სადარაჯოზე", — განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტროს მედლით — „მამაცობისთვის", ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს ოთხი თანამშრომელი სამინისტროს მედალიონით დაჯილდოვდა „განსაკუთრებული დამსახურებისთვის".
ღონისძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დაჯილდოებული თანამშრომლების ოჯახის წევრები დაესწრნენ.