უცხო ადამიანებისთვის საჩუქრებად მირთმეული „ეიფორია"

© FB / Tamuna Ninuaთამარ ცირიკიძე
თამარ ცირიკიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამარ ცირიკიძე თვითნასწავლი ხელოვანია. ბავშვობიდან ოცნებობდა სამხატვრო აკადემიაში ჩაებარებინა, თუმცა მშობლები მის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ. ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში, ავტომატიკის და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე. ამის მიუხედავად ხატვისთვის თავი არასოდეს დაუნებებია...

ქალბატონი თამარის ხელოვნება მრავალფეროვანია. ხატავს თეფშებზე, ბოთლებზე, ჩანთებზე, მინიატურულ ნივთებზე, ქარგავს სხვადასხვა მეთოდით, აკეთებს დეკუპაჟს, მუშაობს ფაიფურზე, რომელსაც საკუთარი მეთოდით ამუშავებს საჭიროებისამებრ. მისი ფანტაზია დაუშრეტელი და უკიდეგანოა.

© FB / Tamuna Ninuaთამარ ცირიკიძე
თამარ ცირიკიძე - Sputnik საქართველო
თამარ ცირიკიძე

— რაც თავი მახსოვს ვხატავ. ხატვა ჩემთვის არავის უსწავლებია, თვითნასწავლი ვარ. სოფელში ვიზრდებოდი და სამხატვრო მასალის შეძენის საშუალება არ გვქონდა, არც ფართო არჩევანი იყო. ასფალტზე ცარცით ვხატავდი. ხელსახოცის ქაღალდზე ფანქრით ჩანახატებს ვაკეთებდი. მე-5 კლასში ვიყავი, როცა სკოლაში ახალი ხატვის მასწავლებელი მოვიდა. პირველ გაკვეთილზე თავისუფალი თემა დაგვავალა. როცა ჩემი ნამუშევარი აიღო დიდხანს უყურებდა. უხერხულად ვიგრძენი თავი. მერე მკითხა: ეს სახლიდან მოიტანე, სხვისი ნამუშევარია, თუ ეხლა დახატე შენითო? თავიდან დამახატინა არ დაიჯერა. მას შემდეგ განსხვავებულ დავალებებს მაძლევდა და მეც სიხარულით ვხატავდი. მინდოდა სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება, მაგრამ ვინაიდან წარჩინებული მოსწავლე ვიყავი(ვერცხლის მედლის კანდიდატი), მშობლებს არ უნდოდათ. მამაჩემმა ისიც კი მითხრა, ხატვა რა ქალის საქმეაო. სულ სხვა პროფესია ავირჩიე მშობლების საწინააღმდეგოდ. დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტის ავტომატიკა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი. ვარ მართვის ავტომატიზირებული სისტემების ინჟინერი. ხატვისთვის თავი არ დამინებებია. ამ წლების მანძილზე ჩემით ვსწავლობდი ბევრ რამეს. ჟურნალების დახმარებით ვისწავლე მძივებით ქარგვა, ჯვარედინი და წყლის ქსოვა. ვაკეთებდი გამხმარი ყვავილების კომპოზიციებს. უსახსრობის გამო ბევრი მაშინდელი ნამუშევარი გავყიდე, რაზეც დღეს გული მწყდება.

© FB / T. Handicraftsნაქარგი
ნაქარგი  - Sputnik საქართველო
ნაქარგი

- რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში ხელოვნებას?

— ჩემს ცხოვრებაში ხელოვნებას დიდი ადგილი უკავია. ვაკეთებდი თიხის ყელსაბამებს. პოლიმერული თიხისგან ვქმნიდი ნივთებს. ვაკეთებდი დეკუპაჟს სხვადასხვა ნივთებზე, ვქმნიდი სახლის დეკორისთვის აქსესუარებს. ეხლა ვაკეთებ  ხის და ფაიფურის სამკაულებს, დეკუპაჟს თეფშებზე და ბოთლებზე. ფაიფურს სახლში ვამზადებ. შეიძლება ითქვას, რომ ერთი დღეც ვერ გავძლებ, თუ რამე არ შევქმენი. მართალია, თვითნასწავლი ვარ, მაგრამ ვცდილობ მხატვრობის ყველა მიმდინარეობას ვადევნო თვალი. ხანდახან ვხუმრობ, „გააჩერეთ დრო, არ მყოფნის“, იმდენი რამის სწავლა მინდა კიდევ. მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება. შედეგიც ბევრჯერ უცხო და ახალი მიმიღია. ანუ მაქვს ჩემი „ნოუ-ჰაუ“ — ახალი მიგნებები.

© FB / T. Handicraftsნაქარგი
ნაქარგი - Sputnik საქართველო
ნაქარგი

თუნდაც ავიღოთ ფაიფური, რაზეც ვმუშაობ. ბევრი რეცეპტი მოვსინჯე ინტერნეტიდან, მაგრამ არც ერთი მომეწონა. ოთხი თვე ვეწვალე, მაგრამ არ მოვეშვი, სანამ ჩემი რეცეპტი არ შევიმუშავე. თუ მინდა ქვასავით მყარი გამომდის მასლა, თუ არა და ისეთი ელასტიურია, როგორ ფორმასაც მინდა მივცემ და არ გადატყდება. ძალიან მიყვარს მუსიკა. ვუსმენ ყველაფერს მძიმე როკის გარდა. მუშაობის პროცესში ვუსმენ კლასიკას. მუსიკა ბევრ რამეს შთამაგონებს. დამთავრებული მაქვს მუსიკალური შვიდწლედი. ვუკრავდი ფორტეპიანოზე, ვმღეროდი, დავდიოდი ოთხი წელი ქართულ ცეკვებზე, ვწერდი ლექსებს, ჩანაწერებს…ანუ ხელოვნებასთან ყოველთვის მჭიდრო შეხება მქონდა. მინდოდა ჟურნალისტობაც, მაგრამ ჩემი თავი მხოლოდ ამ სფეროში  აღმოვაჩინე. ექვსი წლის ვიყავი ვაშლის კურკებისგან სამკაულების გაკეთება რომ დავიწყე, მერე ნიჟარებისგან ვაკეთებდი, კენჭებისგანაც. ასე ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობდი ჩემთვის და მივიწევდი წინ. ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასად, მაგრამ იმდენად მიყვარს ჩემი საქმე, ჩემი ნივთები, რომ როცა ვყიდი თან გულსაც ვატან. მხოლოდ ერთ შემთხვევაში არ ვატან გულს და სულს და გეტყვით როდის: ჩემი მომხმარებლების უმეტესობა ნივთებს უკვეთავს სხვებისთვის, საჩუქრად. კითხვაზე „შენთვის არაფერი გინდა?" პასუხი ერთი და იგივეა, „არ მემეტება ჩემთვის“. რაც ძალიან მწყინს. საკუთარი თავიც უნდა გაანებივროს ადამიანმა მცირე საჩუქრებით მაინც. კი, კარგია სხვას რომ უხარებ გულს, მაგრამ მცირე შენთვისაც უნდა გაიმეტო. ამიტომ რამდენჯერმე უცნაურ ხერხს მივმართე. ადრესატს დაახლოებით გამოვკითხავდი რა მოწონდა, გემოვნებას ვგებულობდი და რომ არ ელოდებოდა ისე გადავცემდი ამ ჩემს სიურპრიზს, მის შეკვეთილ ნივთებთან ერთად. ზოგის პასუხი იყო  — „ქალბატონო თამარ შეგეშალათ ეტყობა. ეს არ შემიკვეთავს თქვენთვის“. იყო მშრალად გაცემული პასუხებიც „უი, კარგია". ასე უემოციოდ მომწერა ერთ-ერთმა ადრესატმა, როცა მისი საჩუქარი რაიონში გავაგზავნე სხვა ნივთებთან ერთად. მაგრამ მე ხომ მიხაროდა, მთავარი ეგ იყო…

© FB / T. Handicraftsსაყურეები
საყურეები - Sputnik საქართველო
საყურეები

არ დამავიწყდება ერთი შემთხვევა — გოგონას გავუწოდე საჩუქარი და მიყურებს გაოცებული თვალებით. ვერ მიხვდა, რატომ ვჩუქნიდი მისთვის სასურველ ნივთს. მერე უცებ ვაიმეო, ააბაკუნა ფეხები, ჩამეხუტა მეტროში და მკოცნიდა. მთელი კვირა გამყვა ის ემოცია. ადამიანები გადაეჩვივნენ სიკეთის უბრალოდ გაკეთებას, ყოველგვარი უკან დაბრუნების გარეშე. ხშირად გამიკეთებია ასე. როცა რამდენჯერმე შეუკვეთავს ერთი და იგივე მოხმარებელს ნივთი, ერთგულებისთვისაც მინდა მეც რაღაც მცირედი გავუკეთო. ერთმა გოგონამ მითხრა, კარგი მარკეტინგული გათვლააო და გული ძალიან მეტკინა. მართლა ყოველგვარი გათვლების გარეშე ვაკეთებ ამას. ის ჩემი გულიდან მოდის. უბრალოდ არაფერი შეედრება მათ გაოცებულ და მერე გაბრწყინებულ სახეებს, როცა საჩუქარს აღმოაჩენენ ხოლმე ყუთში. იმხელა პოზიტივს ვიღებ ამ დროს, ვერც წარმოიდგენთ. ფულის გამო არ შემიძლია შევქმნა რამე. მე მიყვარს ჩემი საქმე და სიამოვნებას მანიჭებს ის, რასაც ვაკეთებ. ბედნიერება არაა ფულში, ის ბევრ პატარა წვრილმანშია და ამას ვღებულობ მომხმარებლებისგან. უმეტესი წილი ჩემი შემოსავლის, ისევ სამხატვრო მასალას სჭირდება.

© FB / Tamuna Ninuaსამზარეულოს დეკორი
სამზარეულოს დეკორი - Sputnik საქართველო
სამზარეულოს დეკორი

- მამაკაცები თუ გიკვეთავენ საყვარელი ქალისთვის სამკაულს?

— ძალიან მომწონს ქართველი მამაკაცების აქტიურობა. როცა მამაკაცი მიკვეთავს საყვარელი ადამიანისთვის ძალიან მიხარია და ერთი სული  მაქვს, როდის გაახარებს ჩემი ნივთით საყვარელ ადამიანს. საოცარ დადებით ენერგიას ვდებ თითოეულ ნივთში, ამიტომ მინდა მათაც  გადაეცეთ ეს დადებითი ენერგეტიკა. ერთ მაგალითს გავიხსენებ მამაკაცებთან დაკავშირებით. ერთი ახალგაზრდა დამიკავშირდა, მეუღლეს დაბადების დღე აქვს და მინდა რამდენიმე ნივთის შერჩევაო. იმდენი შეუკვეთა, არაფერი ენანებოდა მეუღლისთვის. ვიფიქრე ალბათ ახალი შეუღლებულები არიან თქო. იქნებოდა ასე 30 წლის (ნუ, მე მეგონა ასე) თვალებგაბრწყინებული მიყვებოდა თოვლი უყვარსო, გარეთ გავარდება როცა თოვსო. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა აღმოჩნდა, რომ სამი შვილის — სამი ბიჭის მშობლები იყვნენ და უფროსი 14 წლის ყავდათ. პატარებმა შევქმენით ოჯახიო. გავოცდი, 15 წლის ოჯახი ჰქონდათ და ისევ ისე უყვარდათ ერთმანეთი. მადლობა გადავუხადე. რისთვისო მკითხა, აი ასეთი კარგი ახალგაზრდა რომ ხარ და ასე აფასებ მეუღლეს თქო. სხვა რა შეგვიძლია, თუ არა ასე მცირედით სიყვარულის გამოხატვა. პატარა ყურადღებაც სასიამოვნოა ქალისთვისო. გულში გავიფიქრე, ნეტა ყველა შენნაირად ფიქრობდეს და იქცეოდეს მეთქი.

© photo: T. Handicrafts / FBხელნაკეთი ყვავილებიანი თეფში
ხელნაკეთი ყვავილებიანი თეფში - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ყვავილებიანი თეფში

არ მინდა სიტყვა გამიგრძელდეს, მაგრამ მეორე ამბავსაც მოვყვები. მწერს ერთი ახალგაზრდა, გვირილებიანი ჭიქა მინდა წარწერით, ოღონდ წარწერა თქვენთვის მომინდიაო. დავშორდით ერთმანეთს და მანამდე დაპირებული ვიყავი თქვენს გვირილებიან ჭიქას. მოწონდა ძალიან და მე პირობას სულ ვასრულებო. მინდა მაგ ჭიქამ ჩემი თავი გაახსენოს და მეტი არაფერიო. გული დამიმძიმდა. თან იმხელა პასუხიმგებლობა დამაკისრა, ტექსტი მე უნდა შემერჩია. იქნება არ შორდებით მეთქი, შევაპარე… დავიწყე მოხატვა და დაწერა. თან სასიამოვნო მუსიკას ვუსმენდი. წარმოვიდგინე მათი შეხვედრები, ფლირტი, ურთიერთობა, სასიამოვნო ისტორიები, სახალისო თავგადასავლები… მოკლედ დავმუხტე ჭიქა დადებითი ენერგიით, სიყვარულით და გადავეცი. რომ დახედა ტექსტს, ჩაეღიმა და თავი გადააქნია. ძალიან მაინტერესებდა მათი ამბავი, მაგრამ ისეთი ოფიციალური და მკაცრი იყო თავის გადაწყვეტილებაში, მერიდებოდა რამე მეკითხა. ერთი კვირის მერე მწერს —იცით ჩვენ ერთად ვართ ისევ და თქვენს ჭიქას არ იცილებს, ამბობს ეგ ჩემი თილისმააო. ისე გამიხარდა, ისე, რომ ლამის ცაში  ავფრინდი სიხარულით. აი, ეგაა ჩემთვის ბედნიერება. არანაირი თანხა ამას არ შეედრება, როგორც ჩემი შვილიშვილის კოცნა-ჩახუტებას, ისე მომხმარებლის ბედნიერ სახეს.

© FB / T. Handicraftsხელნაკეთი ნახატიანი თეფში
ხელნაკეთი ნახატიანი თეფში  - Sputnik საქართველო
ხელნაკეთი ნახატიანი თეფში

- ოჯახში როგორ უყურებენ თქვენს გატაცებას და მსგავს დამოკიდებულებას ხელოვნების მიმართ?

— ოჯახის წევრები სახლში ამას ხუმრობით უყურებენ. ნუ ხარ დედა ასეთი ემოციური და მგრძნობიარეო, მეუბნებიან შვილები. ალბათ ყველა ხელოვანი ადამიანი უცნაური და ემოციურია. ჩვენ ბევრ რამეს სხვანაირად აღვიქვამთ, ვხედავთ, ვგრძნობთ. მეუღლე პენსიაზეა გასული, ვიცე-პოლკოვნიკია და ცდილობს დამეხმაროს. ვეხუმრები, ეხლა მე შენ ხატვას ვერ გასწავლი, ამიტომ მომხმარებლებს შენ შეხვდი მეთქი.

© FB / T. Handicraftsსაყურეები
საყურეები - Sputnik საქართველო
საყურეები

- არასოდეს გიცდიათ თქვენი ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის წარგედგინათ? გამოფენებში არ იღებთ მონაწილეობას?

— გამოფენებში მონაწილეობა არასოდეს მიმიღია. ყველაფერი სახსრებთანაა დაკავშირებული. ჩემი ნივთები არის თბილისი მოლში და ვაკის ერთ-ერთ მაღაზიაში (პიქსელის შენობაში) განთავსებული.

- როგორ ახერხებთ მცირე ზომის ნივთებზე ხატვას? რთული არ არის?

— ბევრი ჩემი ნივთი ისეთი პატარაა, სულ უკვირთ ასე პატარებზე როგორ ხატავ და წერო. ადრე სპეციალურ გამადიდებელ სათვალეს ვხმარობდი, ახლა მიეჩვია თითები და ესკიზის გარეშე ვწერ და ვხატავ.

© FB / T. Handicraftsსაყურეები და ბროში
საყურეები და ბროში - Sputnik საქართველო
საყურეები და ბროში

- რატომ დაარქვით „ეიფორია“?

— ძალიან მიყვარს ფერები. ეს ჩემს გვერდსაც ეტყობა. ხოდა წარმოვიდგინე, როცა სტუმარი დაათვალიერებს ჩემს ნამუშევრებს, რა შეგრძნება დაეუფლება? ამდენი ფერადოვნების დანახვით,  ალბათ ეიფორიაში იქნებოდა. ასე მოვიდა ეს სახელიც. ვთვლი, რომ სტუმრების შეგრძნებებს უნდა ემთხვეოდეს სახელიც.

- მომავალში რა გეგმები გაქვთ?

— მინდა მქონდეს ჩემი სახელოსნო… თანხა იმისთვის, რომ სულ მქონდეს მასალა, რათა შევქმნა ჩემი სილამაზეები. ძალიან მინდა, ყველა ჩემ გაკეთებულ ნივთს მესაკუთრისთვის მოეტანოს წარმატება, სიყვარული და ბედნიერება.

 

ყველა ახალი ამბავი
0