თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ახალმა მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის 12 საქალაქო სამსახურის ახალი უფროსები წარადგინა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
კალაძის გუნდში დავით ნარმანიას მთავრობიდან პოსტები შეინარჩუნეს: ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გივი კუბლაშვილმა, საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი ბაგრატიონმა.
რაც შეეხება სხვა სამსახურებს, მათ ხელმძღვანელებად კალაძემ წარადგინა:
მერიის ადმინისტრაციის უფროსი — ვლადიმერ ჭიღლაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახური — მამუკა მუმლაძე, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური — ირაკლი გვილავა, ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური — ანდრია ბასილაია, უსაფრთხოების საქალაქო სამსახური — ნიკოლოზ ჭონქაძე, კულტურის საქალაქო სამსახური — სოფიო ხუნწარია, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური — გიგა გიგაშვილი, იურიდიული საქალაქო სამსახური — სერგო ბირკაძე, შესყიდვების საქალაქო სამსახური — გიორგი პაპავა.
„ჩვენ ერთად უნდა შევუტიოთ და დავძლიოთ ყველა ის გამოწვევა და ყველა ის პრობლემა, რომელიც დედაქალაქს აქვს“, – განაცხადა კალაძემ საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.
გარდა ამისა, კახა კალაძემ დღეს თბილისის რაიონების ადმინისტრაციების ხელმძღვანელებიც წარადგინა.