თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო ერთი კვირის მანძილზე ხუთ ღონისძიებაზე წარდგა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახური.
ქართულმა ღვინომ ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენა RAW NY-სა და RAW LA-ზე მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მიიღო.
„ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში RAW-ს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს აშშ-ში, რომელიც რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად", — განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძემ.
აშშ-ში გამართულ გამოფენებზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები: „ნათენაძის ღვინის მარანი", „გოცას ღვინოები", „არჩილ გუნიავას ღვინის მარანი — კვალითი", „კერესელიძეების მარანი", „ნაოტარი", „ორგო", „ბაბანეურის მარანი", „ბრუალე", „ივერი", „მაკარიძის მეღვინეობა", „ღვინის ქურდები", „ფაფარი ველი" და „ამირან ვეფხვაძის ღვინის მარანი".
თამთა ყველაიძის შეფასებით, გამართულმა ღონისძიებებმა უჩვენა, რომ აშშ-ში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო მზარდია, რაც აისახება კიდეც ექსპორტის მონაცემებში.
მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 395 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 50 ექსპორტიორ ქვეყანას შორის, მიმდინარე წელს აშშ მეცხრე ადგილზეა
ყველაიძის თქმით, აშშ-ში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი გაცილებით დიდია და აქედან გამომდინარე, 2018 წელს ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ამ ქვეყანაში აქტიურად გააგრძელებს.