თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას კვლევის შედეგები მიულოცა, რომელმაც აჩვენა, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო.
მეცნიერთა ჯგუფი კვლევას პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორ პატრიკ მაკგოვერნის ხელმძღვანელობით, ოთხი წლის განმავლობაში აწარმოებდა. მეცნიერებმა საგულდაგულოდ შეისწავლეს მარნეულთან ახლოს არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის ძველი თიხის ჭურჭელში უძველესი ყურძნის წიპწები და ნალექი, რომელიც საბოლოო ჯამში ღვინო აღმოჩნდა.
ადრე მიიჩნევდნენ, რომ მეღვინეობა ირანიდან იღებდა სათავეს, თუმცა, ახლა უკვე დამტკიცდა, რომ ღვინის სამშობლო საქართველოა, ხოლო მეღვინეობის ისტორია 8,2 ათას წელს ითვლის.
„დარწმუნებული ვარ, ყველას გიხარიათ ის, რომ მეცნიერებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, კერძოდ — აშშ-დან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან, დანიიდან და ისრაელიდან, დაასრულეს მუშაობა და ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველაზე ძველი ღვინო ნაპოვნია საქართველოში და მეღვინეობა საქართველოდან გავრცელდა", — განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს უკვე შეუძლია მსოფლიოს წინაშე სხვა კუთხით წარმოჩინდეს.
„ჩვენ გვაქვს საშუალება ჩვენი ქვეყანა ძალიან პოზიტიურად წარმოვაჩინოთ საერთაშორისო მასშტაბით და სწორედ ამან მოგვცა საშუალება, ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, საქართველო ამ სტატუსით წარმდგარიყო. ეს ჩვენ ყველას ძალიან გვიხარია, ძალიან დიდ სიამაყეს ანიჭებს საქართველოს და საქართველოს ყველა მეგობარს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ფაქტს", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მიიწვიეს. გამოფენების სერია „მოწვეული ვენახი" 31 ივლისს გაიხსნა და 5 ნოემბრამდე გაგრძელდა.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხალხურ ხელოვნებასა და მატერიალური კულტურის ძეგლებში ფართოდ გამოიყენება ღვინისა და ვაზის გამოსახულება.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
2013 წელს, იუნესკოს გადაწყვეტილებით, ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა.