ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველად ეწვია

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიოს ქალაქები. რიო-დე-ჟანეირო
მსოფლიოს ქალაქები. რიო-დე-ჟანეირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში ალოუსიო ნუნეს ფერეირა საქართველოს პირველ პირებს შეხვდება და თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის ტურიზმის სფეროში განიხილავს.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალოუსიო ნუნეს ფერეირა თბილისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით პირველად ესტუმრა, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლობის“ პირველი არხი.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დახვდა. ალოიზიუ ნუნესს დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

„სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში დინამიკა მზარდია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ვიზიტორების რიცხვი დიდი არ არის, მაგრამ აქაც არის პოზიტიური დინამიკა, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ბრაზილია შორს არის ჩვენგან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის კონტექსტში ეს ვიზიტი ძალიან კარგად ჯდება, ასევე ბრაზილია არის მნიშვნელოვანი, წამყვანი ქვეყანა ამერიკის კონტინენტზე და მას აქვს სერიოზული როლი მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში და ბუნებრივია, ყველა ეს მიმართულება იქნება ჩვენი დღის წესრიგის და მოლაპარაკებების მთავარი პრიორიტეტი“, – ციტირებს ზალკალიანს „პირველი არხი“. 

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
ბრაზილია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს

თბილისში გამართულ შეხვედრებზე ბრაზილიის პირველი დიპლომატი ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას, შემდეგ კი საქართველოს და ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში ალოუსიო ნუნეს ფერეირა პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ალოუსიო ნუნეს ფერეირა, საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, სენატორის რანგში (სან პაულოს შტატი) აქტიურად მუშაობდა ბრაზილია-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე.

საქართველომ და ბრაზილიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წელს დაამყარეს. ქვეყნები ავითარებენ თანამშრომლოობას პოლიტიკის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროში.

2011 წლამდე საქართველოს თურქეთში მდებარე ბრაზილიის საელჩო ფარავდა, თუმცა ბოლო დროს ურთიერთობები იმდენად გააქტიურდა, რომ ბრაზილიის დიპლომატიური მისია თბილისშიც ამოქმედდა.

საქართველოს მოქალაქეებს ბრაზილიაში უვიზოდ გამგზავრება 180 დღის განმავლობაში 90 დღით შეუძლიათ.

რაც შეეხება ქვეყნებს შორის საქონელბრუნვას, „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველო ბრაზილიაში ექსპორტს არ ახორციელებს, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში ამ ქვეყნიდან საქართველოში 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა.


ყველა ახალი ამბავი
0