თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U-21) თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ევროპის 2019 წლის ჩემიონატის შესარჩევ მატჩში ლიტველ თანატოლებს ანგარიშით 1:0 მოუგო.
შეხვედრა გია გეგუჩაძის აღსაზრდელების დიდი უპირატესობით წარიმართა. ქართველებმა მეტოქის კარის მიმართულებით 17-ჯერ დაარტყეს, აქედან შვიდი დარტყმა ძელს მოხვდა. ლიტველებმა კი მხოლოდ ერთხელ დაარტყეს დამიზნებით.
მასპინძლის ზეწოლის გამო ლიტველები ხშირად ცდებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი შეცდომა ავტოგოლით დასრულდა. გრიგოლ ჩაბრაძის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა გიდრიუს მატულევიჩუსს ბრძოლა აიძულა, რის შედეგად მან ბურთი საკუთარ კარში გაიტანა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები უმრავლესობაში იყო, ანგარიში არ შეცვლილა. თუმცა მასპინძელს საკუთარი უპირატესობის გაზრდის შანსები ჰქონდა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისთვის ეს გამარჯვება ამჟამინდელ შესარჩევ კამპანიაში პირველი გახდა. ხუთი ჩატარებული მატჩის შემდეგ საქართველომ ოთხი ქულა დააგროვა და მეოთხე სტრიქონი დაიკავა.
ჯგუფის ლიდერია დანია, რომელმაც ხუთი თამაშის შემდეგ 13 ქულა დააგროვა.
მომდევნო შესარჩევ მატჩს ქართული ნაკრები 23 მარტს გასვლაზე ფარერების წინააღმდეგ გამართავს.
ევრო-2019-ის შესარჩევ ციკლში ცხრა ჯგუფად დაყოფილი 54 გუნდი მონაწილეობს. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ტურნირის კვალიფიკაციას ავტომატურად მიიღებს. მეორე ადგილების მქონე ოთხი საუკეთესო ნაკრები პლეი-ოფში კონტინენტური პირველობის კიდევ ორ საგზურს გაათამაშებს.
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი 2019 წლის ზაფხულში იტალიასა და სან-მარინოში გაიმართება. იტალია, როგორც ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანა, კვალიფიკაციაში არ მონაწილეობს, სან-მარინო კი შესარჩევ ციკლში მონაწილეობს.
ტურნირის ფინალურ სტადიაში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს.