თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისში უახლოეს მომავალში ააშენებენ ახალ ჰოსპისს განუკურნებელი სენით დაავადებული ბავშვებისთვის, ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ბავშვთა გრძელვადიანი პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარების მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს, ჩეხეთის განვითარების ფონდსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია მაღალი სტანდარტების პალიატიური მზრუნველობის ცენტრის მშენებლობა და მისი შესაბამისი რესურსით აღჭურვა.
პალიატიური დახმარება ითვალისწინებს არა მხოლოდ დაავადებული ბავშვების მდგომარეობის შემსუბუქებას, არამედ მათი მშობლების ფსიქოლოგიურ და სულიერ დახმარებასაც. ჰოსპისის მთავარი ამოცანაა ოჯახური ატმოსფეროს შექმნა.
„მაღალხარისხიან სერვისს მიიღებენ ის ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ პალიატიურ დახმარებას. ეს პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ კომპონენტს, არამედ ასევე სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, ასევე იმ ადამიანების, რომლებიც ჩართული იქნებიან ამ ბავშვების მოვლის პროცესში", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა.
პირველი ჰოსპისი სახელწოდებით „ციცინათელების ქვეყანა" საქართველოში 2017 წლის იანვარში გაიხსნა.
ჰოსპისი — საოჯახო ტიპის დაწესებულებაა, სადაც ქრონიკული და განუკურნებელი სენით დაავადებული ბავშვები სამედიცინო მომსახურებას სრულიად უფასოდ მიიღებენ.
„ციცინათელების ქვეყანა" სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: 24-საათიანი მომსახურება ერთდროულად 10 ბავშვისა და მშობლისთვის; დღის ცენტრი, სადაც ბავშვები და მათი მშობლები დილიდან საღამომდე დაყოვნდებიან საჭირო მომსახურების მისაღებად; შინ ზრუნვის სამსახური, რომელიც უკვე ერთი წელია არსებობს და ამ ეტაპზე 26 ბავშვს ემსახურება.
ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობის იდეა 2013 წელს ჩატარებული კვლევის შემდეგ გაჩნდა. მაშინ კვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად პალიატიური დახმარება 18 წლამდე ასაკის 839 ბავშვს სჭირდება. ესენი არიან სიმსივნის ბოლო სტადიით, დიაბეტით, სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებით, ცერებრალური დამბლის მძიმე ფორმით დაავადებული ბავშვები.