თბილისი კამერული მუსიკის ფესტივალს ნოემბერში უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Stringerთბილისის კონსერვატორია
თბილისის კონსერვატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღონისძიების მონაწილეებს შორის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები იქნებიან

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში 15-19 ნოემბრის პერიოდში გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ქართველი მუსიკოსების კონცერტები, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

ფესტივალი 15 ნოემბერს გაიხსნება კონცერტით, რომელიც ცნობილ ქართველ მევიოლინეს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორსა და ს. ცინცაძის სახელობის სიმებიანი კვარტეტის ერთ-ერთ დამაარსებელს კონსტანტინე ვარძელაშვილს ეძღვნება.

მსმენელის წინაშე წარდგებიან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის "ნიჭიერთა ათწლედის" მოსწავლე, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი დავით ხრიკული (ფორტეპიანო), ს. ცინცაძის სახელობის სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი — გია ხაინდრავა (ვიოლინო), თამაზ ბათიაშვილი (ვიოლინო), ნოდარ ჟვანია (ალტი) და ოთარ ჩუბინაშვილი (ვიოლონჩელო). საღამოს პროგრამაში შესულია შუბერტის, ბეთჰოვენისა და ბრამსის ნაწარმოებები.

პიანისტი სანდრო გეგეჭკორი - Sputnik საქართველო
ქართველი პიანისტი სანდრო გეგეჭკორი აშშ-ში მიიწვიეს

16 ნოემბერს ფესტივალი წარმოგიდგენთ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატების (The Georgian Six): ქეთევან ქართველიშვილის (სოპრანო), თორნიკე მერაბიშვილის (ტენორი), სოლომონ გოგილაშვილის (ტენორი), ზვიად მიჩილაშვილის (ბარიტონი0 და ვანო დვალიშვილის (ბასი)კონცერტებს. მუსიკოსები ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ.

18 ნოემბერს "ნიჭიერთა ათწლედისა" და მუსიკალური სემინარიის სტუდენტების გამოსვლა იგეგმება. მსმენელის წინაშე წარდგებიან — პიანისტი ირმა გიგანი, მევიოლინე მანანა ქანთარია, ალტისტი ნოდარ ჟვანია, ვიოლონჩელისტი ოთარ ჩუბინაშვილი და ასევე სოლისტები — სიმონ სიდამონიძე (ფორტეპიანო), ანასტასია აგლაძე (ვიოლინო), მარიამ ობოლაშვილი (ვიოლინო- და სხვები.

სცენაზე გაჟღერდება ბეთჰოვენის, ბრამსისა და ასევე სანდრო ნებიერიძის ნაწარმოებები.

ფესტივალი ვოკალური მუსიკის საღამოთი დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქეთევან ქემოკლიძე და თამარ ლიჩელი.

თბილისის კამერული ფესტივალის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც კონსერვატორიის სალაროებში, ისე ვებ-გვერდზე www.tkt.ge.

საქართველოში თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი 2006 წლიდან ტარდება, რომელშიც აქტიურად მონაწილეობენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი შემსრულებლები.

ყველა ახალი ამბავი
0