სპორტის სამინისტრო გაუქმდა

© FB / Giorgi Kvirikashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპორტის სამინისტროს ფუნქციებს განათლებისა და კულტურის სამინისტროები შეითავსებენ.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გაუქმებისა და მისი ფუნქციების სხვა უწყებებში გადანაწილების გადაწყვეტილება მიიღო.

ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი შეუერთდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო სპორტის კომპონენტი — კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

განათლების სამინისტროს მიხეილ ჩხენკელი უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) პრორექტორია.

„მიხეილ ჩხენკელი პროფესიით გახლავთ მათემატიკოსი. მან ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტურა. ბატონი მიხეილი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის", — განაცხადა კვირიკაშვილმა ბრიფინგზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გახდება

განათლების მოქმედი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა თანამდებობის გარეშე დარჩა.

კულტურის განახლებულ სამინისტროს მოქმედი მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს.

"სპორტის მიმართულების ინტეგრაცია კულტურასთან თანასწორ შესაძლებლობებს გააჩენს ამ ორი უმნიშვნელოვანესი სფეროს მიმართულებით და უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ მართვას", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

სტრუქტურული რეფორმების ჩასატარებლად საქართველოს მთავრობამ ქვეყნის პარლამენტში უნდა შეიტანოს შესწორებები კანონში "საქართველოს მთავრობის შესახებ". შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობის სხდომაზე მიიღებენ.

ჩხენკელმა წარმატებით დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, იყო აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის სტიპენდიანტი. დოქტორანტურა ჩხენკელმა აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში დაამთავრა, კერძოდ, მას მიენიჭა მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.

ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში, მიიღო მრავალი ჯილდო პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობისთვის, მათ შორის "პროფესორის ოსკარი", ასევე ცხრა ჯილდო საუკეთესო მასწავლებლობისთვის.

ამერიკულ უნივერსიტეტებში მოღვაწეობის პერიოდში ჩხენკელი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე.

გარდა ამისა, ჩხენკელი არის აშშ-ის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ჟიურის წევრი, მათემატიკური ოლიმპიადებისა და სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციების ორგანიზატორი, კომპანია Cengage Learning-ის მრჩეველი, რომელიც სტუდენტებს ეხმარება იმაში, რომ სწავლა უფრო მიმზიდველი გახდეს, ასევე ბარი გოლდუოტერის პრესტიჟული სტუდენტური პრემიის კომიტეტის წევრი.

ჩხენკელი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის აშშ-ის მათემატიკის საზოგადოებისა და მათემატიკის ასოციაციის. ის განაგრძობს ლექციების კითხვას აშშ-ში, აქვს მჭიდრო პროფესიული კავშირი ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ჩიკაგოს, ნიუ-იორკის უნივერსიტეტების პროფესორებთან, ასევე ბრაუნის, კორნელის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტების მეცნიერებთან.

ყველა ახალი ამბავი
0