თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში გაემგზავრა, იუწყება საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახური.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, შეხვედრებს გამართავს როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
„ვიზიტის დროს მრავალ საკითხზე გვექნება საუბარი, მათ შორის, ორმხრივ თანამშრომლობაზე. არის სერიოზული პერსპექტივა იმისა, რომ გავაღრმავოთ ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები, ასევე კავშირები სხვადასხვა მიმართულებით. გარდა ამისა, საუბარი გვექნება მრავალმხრივ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ევროინტეგრაციაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი", — განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
საქართველომ და რუმინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 25 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საზღვაო ვაჭრობის, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში. თანამშრომლობის განსაკუთრებით პრიორიტეტული მიმართულებებია ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და ტრანსპორტი.
სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და რუმინეთს შორის 2017 წლის პირველ კვარტალში 44,3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რუმინეთში ქართულ დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.