თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა დაასახელა იმ მოთამაშეთა გვარები, რომლებიც მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში მიიღებენ მონაწილეობას, ნათქვამია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში შევიდა 24 კალათბურთელი, რომელთაგან შვიდი უცხოეთში თამაშობს. თავიანთი კლუბების წინაშე აღებული ვალდებულებიდან გამომდინარე, ისინი ეროვნულ ნაკრებს მხოლოდ მას შემდეგ შეუერთდებიან, სანამ შაბათ-კვირას ეროვნული ჩემპიონატების მატჩები არ დასრულდება.
ეროვნულ ნაკრებში გამოძახებულნი არიან გიორგი შერმადინი („უნიკახა“, ესპანეთი) და თორნიკე შენგელია („ბასკონია“, ესპანეთი). მაგრამ, სავარაუდოდ, კლუბების ხელმძღვანელობა მათ საქართველოს ნაკრებში არ გამოუშვებს, რადგან ორივე გუნდი ევროლიგაში ასპარეზობს.
20 ნოემბრამდე ქართველი კალათბურთელები თბილისში ივარჯიშებენ, შემდეგ 12 მოთამაშე გერმანიაში, ქალაქ ჰემნიცში გაემგზავრება, სადაც გერმანიის წინააღმდეგ G ჯგუფის პირველ შესარჩევ მატჩს გამართავენ. სამი დღის შემდეგ კი ბელგრადში სერბეთის გუნდს შეხვდებიან.
ამ ორი ნაკრების გარდა, G ჯგუფში ქართველების მეტოქე იქნება ავსტრია, რომელთანაც პირველი მატჩი მომავალი წლის თებერვალში გაიმართება.
საქართველოს კლათბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ჯერ არასდროს არ გამოსულა.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მონაწილეობს რვა ჯგუფად დაყოფილი 32 ევროპული ნაკრები. თითოეულ ჯგუფში ოთხ-ოთხი გუნდია. მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გასასვლელად გუნდი თავის ჯგუფში საუკეთესოთა სამეულში უნდა მოხვდეს.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი ჩინეთში 31 აგვისტოდან 15 სექტემბრამდე გასტანს. ტურნირის მოქმედი ჩემპიონია აშშ-ის ნაკრები.