თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
საქართველოს თვადაცვის უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი შეერთებულ შტატებში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში შეხვედრით დაიწყება.
პენტაგონში ლევან იზორიას ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი უმასპინძლებს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ კოლეგები ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები თეთრ სახლსა და კონგრესში.
კაპიტოლიუმში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წარმომადგენელთან, სენატორ ლინდსი გრეჰემთან მოლაპარაკებებს გამართავს.
აშშ-ში ლევან იზორიას ვიზიტის შესახებ ისაუბრა დავით ბაქრაძემ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.
„აშშ-სა და საქართველოს ძალიან მჭიდრო, სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. განხილული იქნება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში არსებული თანამშრომლობა და ძალიან ამბიციული სამომავლო გეგმები. ასევე ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ლევან იზორიას შეხვედრები კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთან და სენატორ გრეჰემთან, სადაც განხილული იქნება ამერიკის საერთაშორისო დახმარების საკითხები და ასევე კონკრეტულად საქართველოს მხარდაჭერა 2018 წლის ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტში. ძალიან მნიშვნელოვანია შეხვედრა, რომელიც გაიმართება თეთრ სახლში, სადაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს უმასპინძლებენ ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტ ტრამპის თანაშემწე უშიშროების საკითხებში. პოლიტიკური გზავნილები, რომლებსაც ქართული მხარე მიიღებს თეთრი სახლისგან, არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის“, — განაცხადა ბაქრაძემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და უწყების სხვა წარმომადგენლები.