აშშ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის 100 მლნ დოლარს გამოყოფს

© Sputnik / Alexander Imedashviliქართველო სამხედროები
ქართველო სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში ამერიკელ კოლეგა ჯეიმს მეტისს შეხვდება.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად 100 მლნ დოლარს გამოყოფს, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

ვაშინგტონში დაგეგმილ ვიზიტამდე იზორიამ საქართველოში აშშ-ის ელჩთან იან კელისთან გამართა შეხვედრა. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში იზორია თავის ამერიკელ კოლეგა ჯეიმს მეტისსა და ასევე თეთრი სახლისა და კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდება, ნათქვამია თავდაცვის უწყების ვებ-გერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„მინდა ვთქვა, რომ წელს და მომავალ წელს აშშ საქართველოს თავდაცვის რეფორმისთვის 100 მლნ დოლარზე მეტს დახარჯავს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს თავდაცვით შესაძლებლობებს და ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას მაღალ ხარისხში აიყვანს", — განაცხადა იზორიამ.

იან კელიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ 2018 წლის გაზაფხულიდან საქართველოში თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა დაიწყება, რომელიც ასევე აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელდება. მოსამზადებელი სწავლებები ქართველი და ამერიკელი სამხედროების მონაწილეობით საქართველოში ოქტომბრის ბოლოს ჩატარდა.

ნატოს სამხედრო ხომალდები ბათუმის პორტში - Sputnik საქართველო
ნატოს ხომალდები ბათუმის პორტში

„ეს შეხვედრა (იზორიასა და მეტისის — რედ.) ჩვენი ურთიერთობების ძალზე მნიშვნელოვან ეტაპზე ტარდება, საქართველოს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, მომავალ წელს კი დაიწყება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა. ეს მასშტაბური პროგრამაა, რომელიც გაზაფხულიდან დაიწყება", — განაცხადა კელიმ.

საქართველოსა და აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობა განვითარების ახალ ეტაპზე 2016 წელს გადავიდა, როდესაც ივლისში ქვეყანას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს "საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ".

2016 წლის დეკემბერში თბილისში აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად ხელი მოაწერა 2016-2019 წლებში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულებას.

2017 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში აშშ საქართველოში გერმანული ბაზა „ჰოჰენფელსის" ანალოგიური საბრძოლო მომზადების ცენტრს ააშენებს, რომელიც ვაზიანში განთავსდება.

2017 წლის მარტში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი რადიოს" ეთერში განაცხადა, რომ "საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ" მემორანდუმის ფარგლებში აშშ საქართველოსთვის 60-დან 70 მლნ-მდე დოლარს გამოყოფს.

ყველა ახალი ამბავი
0