„მითხარი რას პოსტავ და გეტყვი ვინ ხარ შენ“ – ლიცის ფეისბუქ-სტატუსების საავტორო წიგნი

© Courtesy of Ramaz Shubitidzeრამაზ შუბითიძე
რამაზ შუბითიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაგვეთანხმებით, ადამიანის ლუსტრაცია ყველაზე კარგად სოციალურმა ქსელებმა მოახდინა. ერთი პოპულარული ანდაზის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, “მითხარი რას პოსტავ და გეტყვი ვინ ხარ შენ“ – კარგად ამართლებს.

პოსტავენ ყველასა და ყველაფერზე, ტყუილსა და მართალს, მწარესა და ტკბილს, ზრდილობიანი ფორმებით და უკიდურესი სლენგით… „ლაიქების“ გამო ქართველი „იუზერი“ ყველაფერზე მიდის, ზოგ შემთხვევაში მათ ყიდულობს კიდეც, რომ იტყვიან, „კონას ათ შაურად“, ანუ გარკვეულ რაოდენობას 5 დოლარად.

დღეს რამაზ შუბითიძე გვინდა გაგაცნოთ. იგი პროფესიით ტექნოლოგია, ხოლო მისი პოსტები იმდენად პოპულარულია „ფეისბუქზე“, რომ თავად “სოციალურმა მეგობრებმა“ გამოუცეს წიგნი საკუთარი ხარჯით. როცა ბატონი რამაზის სტატუსებით დავინტერესდი, ვნახე, რომ აქ ერთადაა იუმორიც, სევდაც, მოგონებაც, დღევანდელი დღეც, მომავლის იმედიც, ლირიკული გადახვევაც, კრიტიკაც, თითქმის ყველაფერი, რაც ასე ნაცნობი და ახლობელია ქართველი მკითხველისთვის და რაც მას ყველაზე მეტად აინტერესებს… ბატონ რამაზს (რა თქმა უნდა) სოციალური ქსელით დავუკავშირდი.

© Courtesy of Ramaz Shubitidzeრამაზ შუბითიძე
რამაზ შუბითიძე - Sputnik საქართველო
რამაზ შუბითიძე

– ბატონო რამაზ, როგორ მიხვედით იქამდე, რომ თქვენი სტატუსები, რაც ინტერნეტშია გამოქვეყნებული, წიგნად გამოგეცათ?

— სიმართლე გითხრათ, პირადად არც მიფიქრია მათი წიგნად გამოცემა, ეს ჩემთვის ფანტასმაგორია იყო. გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ეს თვითონ შემომთავაზეს. მათ გამოიჩინეს ინიციატივა, ეს ადამიანები არიან მარიამ კოზმანიშვილი და ჯენი ჩხეიძე. ეს წიგნიც მათ დააფინანსეს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო…

– თუ დააკვირდით, სოციალურ ქსელში გამოჩენის შემდეგ რამდენ ხანში გახდა თქვენი სტატუსები პოპულარული და რატომ?

— ალბათ, სადღაც წელიწად-ნახევარში უკვე მათი აქტიური წაკითხვა დაიწყეს… ძალიან პროდუქტიული არ ვარ, დღეში ორ-სამ სტატუსს ვწერ. მე სამსახურიც მაქვს, მაგრამ ინტერნეტში მუდმივად ვიყავი და ვწერდი. ქვეტექსტები არ მაქვს ხოლმე, პირდაპირ გადმოვცემ სათქმელს. მომწონს – მომწონს! მტკივა – მტკივა! მორჩა და გათავდა!

© Courtesy of Ramaz Shubitidzeრამაზ შუბითიძის წიგნი
რამაზ შუბითიძის წიგნი - Sputnik საქართველო
რამაზ შუბითიძის წიგნი

– ანუ მათში გულწრფელობის ხარისხია მაღალი?

— დიახ, ეს სწორედ შენიშნეთ. მართლა ძალიან გულწრფელი ვარ. კიდევ დავაკვირდი, რომ იუმორით დაწერილი სტატუსები უფრო იქცევს ყურადღებას და მოწონებას. ჩვენთან ხომ იშვიათია ნამდვილი იუმორი, ალბათ ამიტომ იწვევს ყურადღებას იუმორით დაწერილი პოსტები…

– წიგნს ჰქვია „ლიცის სტატუსები“, რატომ აირჩიეთ „ლიცი“ თქვენ თიკუნად?

— დიახ, ეს ჩემი მეტსახელია, რომელიც ბავშვობაში შემარქვეს. ლიცი ფილოსოფოსი იყო, ლექსებსაც წერდა, მისი აზრები ჩემთან ახლოს იყო და ძალიან მიყვარდა. ეს სხვებმაც იცოდნენ და ლიცი შემარქვეს…

© Courtesy of Ramaz Shubitidzeრამაზ შუბითიძის წიგნის პრეზენტაცია
რამაზ შუბითიძის წიგნის პრეზენტაცია - Sputnik საქართველო
რამაზ შუბითიძის წიგნის პრეზენტაცია

– რამდენადაც ვიცი, ფეისბუქის სტატუსები ჯერ არავის გამოუცია წიგნად, ეს პირველია…

— დიახ, მგონი ჩემი წიგნი პირველია. ადრე გამოიცა სტატუსები, სადაც ბევრი ავტორის, მათ შორის, ჩემი სტატუსებიც იყო შესული. ასე რომ, საავტორო წიგნი მართლა პირველია.

– როგორ ფიქრობთ, მეორეც იქნება?

— მე მზად მაქვს ყველაფერი და თუ შეთავაზება იქნება, კი ბატონო…

– დღეს მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ადამიანებს პოზიტივი აკლიათ და თქვენ პოსტებში სწორედ ამაზე აკეთებთ აქცენტს…

— დიახ, როგორც ქუთაისელები იტყვიან ხოლმე, ისეთი სიზუსტით გაარტყით, ქეთევან ლოსაბერიძესაც  შეშურდებოდა… ზოგჯერ რაღაც გამოგონილს ვწერ ხოლმე, რომ ხალხს კარგი განწყობა შევუქმნა. ამ პოსტების უმრავლესობაში მხოლოდ პოზიტივია…

– თუ გახსენდებათ ის სტატუსი, რამაც ყველაზე მეტი კამათი გამოიწვია?

— იყო ასეთი. ზუსტად არ მახსოვს, კონკრეტულად რა სტატუსი იყო, მაგრამ ნახვების სარეკორდო რაოდენობა დამამახსოვრდა. საერთოდ, პოლიტიკას ყოველთვის ვერიდები, უჩემოდაც ბევრია ის, ვინც პოლიტიკაზე წერს. უფრო ყოფით თემებზე რასაც ვფიქრობ, პირდაპირ „ვპოსტავ“ ხოლმე. როგორც გითხარით, ყოველთვის გულწრფელი ვარ და ვფიქრობ, მე რომ თამაში დამეწყო, მკითხველი არც ეყოლებოდათ ჩემ სტატუსებს…

– რახან ასეთი გულწრფელი ხართ, ამ კითხვაზეც მიპასუხეთ: ამ წიგნის მერე სულ პატარა ამბიცია მაინც ხომ არ გაგიჩნდათ მწერლობის?— ერთი ნაბიჯია იქამდე…

— რაღა დაგიმალოთ და, ადრე გაზეთებს „ალია“ და „ქრონიკა“ ჰქონდათ დამატება, სადაც ხშირად ვიბეჭდებოდი. ადრე მწერლობის სურვილი არ მქონდა, მაგრამ ახლა უკვე რაღაცნაირად შეიძლება ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ პატარ-პატარა მოთხრობების წერა უკვე დაწყებული მაქვს.

და ბოლოს ლიცის რამდენიმე სტატუსი:

—  ჩემი ერთ–ერთი ფეის-მეგობრის სტატუსები ისეთი მორალისტური ტენდენციებითაა გამსჭვალული, ისეთი ზე ზნეობრივი შინაარსისაა, რომ მისი სტატუსების წაკითხვის შემდეგ არათუ უცხო ქალბატონებისკენ, მეუღლეს ვეღარ ვუყურებ თამამად, მორცხვად ვაპარებ მისკენ მზერას.

– ძალიან შევწუხდი და გვარიანადაც ვინერვიულე :D ახალ კანონპროექტზე, რომელშიც მიშტერებაზეა საუბარი.

– კაცის თვალი ოხერია! ლამაზი ქალისკენ, გინდა არ გინდა, თავისით გარბის… ჯანმრთელი თვალების პატრონს, კატარაქტიანს თუ გლავკომიანს ყველას — ერთნაირად! ეს კაცის ბუნებაა. ვერანაირი კანონი ვერ წავა ბუნების წინააღმდეგ, ეს უნდა სცოდნოდათ პეტიციაზე ხელმომწერებს.

– ისევ 14-15 წლის არეალის გარდამავალი ასაკის ჭკუის მოზარდი ვარ. გუშინ კინაღამ კისერი მოვიტეხე, სადარბაზოში კიბის მოაჯირზე სრიალით დავეშვი, ჩამოხტომის დროს ფეხზე მყარად ვერ დავდექი და ელექტრო-„სოჩიკების" კარადას თავით დავეჯახე.

– მეზობელი შემხვდა დილით, საშინელ "პახმელიაზე" იყო.

ხელკავი გამიკეთა, — გეპატიჟები, ვაჟას მესამე კვარტალში კარგი ადგილი ვიცი, ცოტა დავლიოთო.

ვიუარე, — ამ დილაადრიან? გაგიჟდი?— თან, ხომ იცი, არ ვსვამ.

მკითხა: ოთარ რამიშვილმა ერთხელ რა თქვა, იცი?

უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

ვინც დალია, 11 საათზე მოკვდა, ვინც არა 12-ის 15 წუთზე… წამო, ნუ ახურებ, ბოლო მაინც ერთია, 100 წლის შემდეგ მე თერთმეტ საათზე მოვკვდები, შენ-12-ის 15 წუთზეო…

ყველა ახალი ამბავი
0