თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე ესტონელი დიპლომატი ტოივო კლაარი დაინიშნა, ამის შესახებ დიპლომატმა Twitter-ის საკუთარ მიკრობლოგში დაწერა.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, როდესაც სკანდალურად ცნობილმა ჰერბერტ ზალბერმა დიპლომატიური სკანდალის შემდეგ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.
— Toivo Klaar (@ToivoKlaar) November 13, 2017
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის პოსტზე დანიშვნამდე კლაარი ცენტრალური აზიის საკითხებში ევროპის საგარეოპოლიტიკურ სამსახურს ხელმძღვანელობდა, მანამდე კი — საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას. მანამდე კლაარი ხელმძღვანელობდა განყოფილებებს ევროპის საგარეოპოლიტიკურ სამსახურებსა და ევროკომისიაში, ესტონეთში ევროკავშირის წარმომადგენლობას, იყო ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, აშშ-ში ესტონეთის საელჩოს მრჩეველი თავდაცვის საკითხებში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იკავებდა მაღალ პოსტებს.
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძირათად ამოცანას რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების ხელშეწყობა წარმოადგენს. აგრეთვე ევროკავშირის სახელით ის ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა.
ზალბერის სკანდალი
კლაარის წინამორბედი ზალბერი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დიპლომატიურ სკანდალში გაეხვა. ცხინვალში ვიზიტისას მან ანატოლი ბიბილოვს ცხინვალის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ამის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებებისთვის საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი დაიბარეს, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ „არჩევნებს" არ ცნობს და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჰერმანმა აღნიშნა, რომ ზალბერმა საკუთარ სიტყვებზე პასუხი თავად უნდა აგოს.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა, რომ საქართველო ზალბერის სიტყვებზე ევროკავშირის ხელმძღვანელობის რეაგირებას ელოდება. შედეგად გერმანელი დიპლომატი თანამდებობიდან მოხსნეს, თუმცა მან გერმანიაში დიპლომატიური სამსახური გააგრძელა.
ზალბერი იყო ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე, რომლებიც 2008 წლიდან იმართება. დღეისათვის ჟენევის დისკუსიები საქართველოს წარმომადგენლებსა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლებებს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ-ის, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.
ცხინვალის რეგიონი, ისევე, როგორც აფხაზეთი, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვერ კონტროლდება. მოსკოვმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ამ ტერიტორიებს ოკუპირებულის სტატუსი მიანიჭა.