თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. გარემოს დაცვის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება ლოგიკური ცვლილება და ევროპული გამოცდილების გაზიარებაა, განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები და საკადრო გადაადგილებები დააანონსა. ცვლილებების თანახმად, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. უქმდება ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტში რიგი საკადრო გადაადგილებები განხორციელდა.
მთავრობის შემადგენლობაში დაგეგმილი ოპტიმიზაციის საფუძველზე გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ხოლო ბუნებრივი რესურსების მართვის ფუნქცია ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა.
განახლებული უწყების ხელმძღვანელი გახდება სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი ლევან დავითაშვილი.
„ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა წარმატებით მუშაობს. ჩვენ შემთხვევაშიც, როდესაც კლიმატური ცვლილებები მნიშვნელოვნად აისახება სოფლის მეურნეობაზე, სატყეო მეურნეობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვის კონტექსტში მოხდეს სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სატყეო მენეჯმენტისა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა. პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობასთან ერთად ხდება ტყის რესურსების დაცვა, ტყის მენეჯმენტი, რადგან აქ ერთიან ფიტოსანიტარულ მიდგომებზეა საუბარი, ასევე საჭიროა ერთიანი პოლიტიკა ცხოველთა დაცვის კუთხითაც", — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით არსებობს არაერთი ნაკისრი ვალდებულება, რომელთა შესრულებაც საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.