თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. შსს-ს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, 2017 წლის 10 თვის მონაცემებით, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ავტოსაგზაო შემთხვევები 14%-ით, გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა — 7%-ით, ხოლო დაშავებულების რაოდენობა — 12%-ით შემცირდა, იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.
„შსს საავტომობილო გზებზე შემთხვევების შემცირებისა და პრევენციის მიზნით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გრძელვადიან პროგრამას აგრძელებს, რომელიც ტექნოლოგიურ რეფორმას, საკანონმდებლო ცვლილებებსა და სოციალურ კამპანიას მოიცავს“, — ნათქვამია სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საქართველოში ამოქმედდა ე.წ. ქულების სისტემა — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხა 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. თავდაპირველად ქულები ნახევარ წელზე იქნება გათვლილი, ანუ 2017 წლის ბოლომდე, მომავალში კი — ერთ წელზე.
საქართველოში 1 ნოემბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა, ასევე ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა მეშვეობით სამართალდარღვევების დაფიქსირება მოხდება.
წლის ბოლომდე 3 ათასამდე ე.წ. ჭკვიანი კამერა ჩაირთვება. კამერები სამართალდარღვევას დააფიქსირებენ და ჯარიმას გამოწერენ.
„ჭკვიანი კამერები" ჯერჯერობით დამონტაჟებულია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს დამაკავშირებელ ავტობანზე. შსს-ს გეგმის მიხედვით, „ჭკვიანი კამერები" მთელი ქვეყნის მასშტაბით 2018 წლის ბოლომდე დამონტაჟდება.
ხატია გიგოლაშვილი