თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში იანვრიდან სექტემბერის ჩათვლით პერიოდში 4,4 ათასზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 11%-ით ნაკლებია, აღნიშნულია „საქსტატის" ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.
არაფხიზელ მდგომარეობაში მართვასთან დაკავშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა იყო სულ 117, ანუ შემცირდა 37%-ით.
ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სულ დაშავდა 6,3 ათასი ადამიანი, რაც 2016 წლის მონაცემზე 14,3%-ით ნაკლებია.
ავტოავარიების დროს დაიღუპა 384 ადამიანი, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6,11%-ით ნაკლებია.
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საქართველოში ასევე ამოქმედდა ე.წ. ქულების სისტემა — მძღოლის მართვის მოწმობაზე დაირიცხა 100 ქულა, რაც, დარღვევების შემთხვევაში, თანდათან მცირდება. ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მძღოლს მართვის მოწმობას ჩამოართმევენ. თავდაპირველად ქულები ნახევარ წელზე იქნება გათვლილი, ანუ 2017 წლის ბოლომდე, მომავალში კი — ერთ წელზე.
საქართველოში 1 ნოემბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა, ასევე ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა მეშვეობით სამართალდარღვევების დაფიქსირება მოხდება
წლის ბოლომდე 3 ათასამდე ე.წ. ჭკვიანი კამერა ჩაირთვება. კამერები სამართალდარღვევას დააფიქსირებენ და ჯარიმას გამოწერენ.
„ჭკვიანი კამერები" ჯერჯერობით დამონტაჟებულია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ავტობანზე. შსს-ს გეგმის მიხედვით, „ჭკვიანი კამერები" მთელი ქვეყნის მასშტაბით 2018 წლის ბოლომდე დამონტაჟდება.