თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს, მათ შორის ორი მინისტრის დათხოვნას, იუწყება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხი.
წინასწარი მონაცემებით, საკუთარ პოსტებს დაკარგავენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
ტელეარხის მონაცემებით, კვირიკაშვილი მთავრობაში ცვლილებების შესახებ განცხადებას ორშაბათს, 13 ნოემბერს გააკეთებს.
ორი მინისტრის გადადგომის გარდა, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება. ერთ-ერთი ცვლილება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შეეხება, რომელიც, სავარაუდოდ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან გაერთიანდება.
წინასწარი მონაცემებით, ცვლილებები მინისტრთა დანარჩენ კაბინეტსაც შეეხება. მთავრობაში ორი ახალი ადამიანი გამოჩნდება. ამავე დროს, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს დაიკავებს. ეკონომიკის მოქმედი მინისტრი დიმიტრი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროს უხელმძღვანელებს.
ასევე, პირველი არხის ვერსიით, მთავრობის რეფორმასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას ახალი საგამოძიებო უწყების შექმნის შესახებ, რომელიც სუს-ის, შსს-ს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პარალელურად იმოქმედებს.