თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს, განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქალაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.
„ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. 12 ნოემბრის არჩევნებში 6 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ, მათგან ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია“, — აღნიშნა ანა მიქელაძემ.
ანა მიქელაძის განცხადებით, დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე გადაეცემათ მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი მერის ასარჩევად. საჭიროების შემთხვევაში ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ გამადიდებელი ლინზით, ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმითა და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერით. ასევე, ადაპტირებული საარჩევნო უბნები აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.
„12 ნოემბრის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 2 143 წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 18 149 და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 654 დამკვირვებელი. რაც შეეხება მედია ორგანიზაციებს — 4 688 წარმომადგენელია“, — აღნიშნა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, 12 ნოემბერს 20.00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.
„საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე აკრაძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებაც“, — განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.
ანა მიქელაძის ინფორმაციით, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად წარადგენს ინფორმაციას კენჭისყრის დღის მიმდინარეობისა და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ, გაიმართება 4 საინფორმაციო ბრიფინგი.
„და ბოლოს, საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ამომრჩევლებს მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე, მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას“, — განაცხადა ანა მიქელაძემ.
არჩევნების მეორე ტური ტარდება ქუთაისში და მარტვილის, ბორჯომის, ოზურგეთის, ხაშურისა და ყაზბეგის რაიონებში — მოქალაქეებს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევთ.
დილის 08:00 საათზე გაიხსნა 317 საარჩევნო უბანი, მათ შორის ერთი გამონაკლისის სახით ქუთაისში. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება 328,2 ათას ამომრჩეველს შეუძლია.