თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. დღეს მერების არჩევნების მეორე ტური საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში ჩატარდა, ზუსტად 20:00 საათზე ხმის მიცემის პროცედურა საარჩევნო უბნებზე შეწყდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).
მეორე ტურში გავიდნენ ის კანდიდატები, რომლებმაც 21 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების 50%-ის მოგროვება ვერ შეძლეს. ექვსივე მუნიციპალიტეტში პირველ ტურში ხმების უმრავლესობა მოიპოვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველის“ წარმომადგენლებმა, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ქუთაისში მეორე ტურში გავიდნენ გიორგი ჭიღვარია („ქართული ოცნება“) და გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“).
რაც შეეხება რაიონებს, მარტვილში მერის პოსტზე იბრძვიან ალექსანდრე გრიგალავა („ქართული ოცნება“) და მამუკა დანელია („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“), ოზურგეთში — ბეგლარ სიორიძე („ქართული ოცნება“) და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე, ხაშურში — გიორგი გურასპაშვილი („ქართული ოცნება“) და რამაზ ნოზაძე (დამოუკიდებელი კანდიდატი), ბორჯომში — ლევან ლიპარტელიანი („ქართული ოცნება“) და ზაზა ჩაჩანიძე („დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პარტიოტთა ალიანსი“), ყაზბეგში — ალექსანდრე ზაგაშვილი („ქართული ოცნება“) და სანდრო კამარაული („ლორთქიფანიძე, კუკავა — დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველო“).
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, კენჭისყრაში ამომრჩეველთა 45,65%-მა მიიღო მონაწილეობა. რაოდენობრივად ეს შეადგენს 1 569 992 მოქალაქეს. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 43.4% იყო.
ცესკოს სპიკერის განცხადებით, 17:00 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ მეორე ტურში 26.97 % (88 522 ამომრჩეველი) შეადგინა.
არჩევნების პირველი ტური საქართველოში 21 ოქტომბერს შედგა. საქართველოს მოქალაქეები 64 ქალაქისა და რაიონის მერებს ირჩევდნენ. ძირითადად, გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა.