თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მერების არჩევნების მეორე ტური ქუთაისში, მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში დაბალი აქტივობით მიმდინარეობს, აცხადებენ საოლქო კომისიებში.
მეორე ტურში გავიდნენ ის კანდიდატები, რომლებმაც 21 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების 50%-ის მოგროვება ვერ შეძლეს. ექვსივე მუნიციპალიტეტში პირველ ტურში ხმების უმრავლესობა მოიპოვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველის“ წარმომადგენლებმა, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 10:00 საათისათვის საოლქო კომისიებში სულ 2 საჩივარი შევიდა.
ქუთაისის საოლქო კომისიის მონაცემებით, სადაც მეორე ტურში გიორგი ჭიღვარია („ქართული ოცნება“) და გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) გავიდნენ, დილის 10:00 საათისათვის აქტივობამ 2,6% შეადგინა (პირველ ტურში ამ დროისათვის აქტივობა 5,6% იყო). 12:00 საათისათვის აქტივობამ ოდნავ მოიმატა და 6,2% შეადგინა.
მარტვილშიც დაბალი აქტივობაა — 12:00 საათისათვის არჩევანი ამომრჩეველთა 11,5%-მა გააკეთა.
შედარებით მაღალია აქტივობა ოზურგეთში — 12:00 საათისათვის იქ ხმა მისცა ამომრჩეველთა 21,5%-მა.
ხაშურში 12:00 საათისათვის აქტივობამ 11,5% შეადგინა.
შედარებით აქტიურია ყაზბეგის ამომრჩეველი — 12:00 საათისათვის არჩევნებში ამომრჩეველთა 17,4%-მა მიიღო მონაწილეობა.
ყაზბეგთან შედარებით ოდნავ მაღალია აქტივობა ბორჯომში — აქ არჩევნებზე ამომრჩეველთა 18,2% გამოცხადდა.