თორნიკე საქართველოში ხელოვნების ახალი მიმდინარეობის, ადამიანის და ქვიშის მეგობრობის — „ქვიშაზე ხატვის“ პირველი მიმდევარია.
თორნიკე, როდის გადაწყვიტეთ, ქვიშით ხატვას დაუფლებოდით, ანუ საიდან დაიწყო თქვენი და ქვიშის „მეგობრობა“?
— ჩემი და ქვიშის „დამეგობრება“ დაუგეგმავად მოხდა. ბოლო კურსზე ვიყავი როდესაც მარკეტინგულ პროექტ “Adარტი“ — ში ჩავერთე. პროექტი გულისხმობდა ერთ-ერთი კომპანიისთვის სარეკლამო კამპანიის მომზადებას. მეც შევკრიბე ჯგუფი, ჩავერთეთ პროექტში და მივიღეთ დავალებები. დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდით თუ რა ფორმატში უნდა გადაგვეღო სარეკლამო კლიპი. თავიდანვე ჩემი ერთადერთი მიზანი მქონდა: ეს პროექტი უნდა მომეგო! იქვე გაგვახსენდა ქვიშაზე ხატვა. ჯგუფის წევრებმა გადავწყვიტეთ, პროექტში გამარჯვებისთვის სარეკლამო კლიპი ამ ტექნიკით გადაგვეღო და შევუდექით კიდეც განხორციელებას. პრობლემა და გამოწვევა უამრავი შეგვხვდა. ვეძებდით ვინმეს, ვინც დაგვეხმარებოდა და დახატავდა. ბევრი ვეძებეთ სამხატვრო სახელოსნოებში, ნაცნობებთან, გადავქექეთ ინტერნეტ სივრცე, მაგრამ ქართველ ქვიშაზე მხატვარს ვერ მივაგენით. უბრალოდ არ არსებობდა.
ვფიქრობდით მოგვეძებნა გამოცდილი მხატვარი და ქვიშაზე კლიპის დახატვა გვეთხოვა. პროექტამდე ნანახი მქონდა უცხოური ვიდეოები ქვიშით ხატვაზე, მომწონდა და ჩემს თავს ვუთხარი: როგორც მე უნდა ვისწავლო ქვიშაზე ხატვა ისე მოუწევს გამოცდილ მხატვარსაც თავიდან სწავლა-მეთქი. ეს იყო ფრაზა, როცა დღევანდელი გადმოსახედიდან აღმოვჩნდი მართალი და დავიწყე ქვიშაზე ხატვის სწავლა. რა თქმა უნდა პროექტში გავიმარჯვეთ. ამ პროექტით დაიწყო ჩემი და ქვიშის „მეგობრობა“.
- რას ურჩევთ მკითხველს, სად შეუძლიათ აითვისონ ქვიშაზე ხატვის ტექნოლოგია და რა დრო სჭირდება შესწავლას? როგორია თქვენი გამოცდილება?
— საქართველოში არავინ იყო ვინც მე მასწავლიდა ამ ხელოვნებას. ვცადე ინტერნეტიდან — უცხოური ვიდეოების დახმარებით ამეთვისებინა სპეციფიკა, სტილი და ხატვა. ამ მიდგომამ არა მხოლოდ გაამართლა, ეს აღმოჩნდა, ერთ-ერთი მთავარი მიდგომა ქვიშაზე ხატვის დროს. მე არ ვარ მხატვარი, არასოდეს მისწავლია ხატვა და არც კურსები გამივლია ხატვაში. ჩემი პირველი და შეიძლება ითქვას ბოლო ნახატი იყო მე-3 კლასში. მივხვდი რომ, თუ მხატვარი არ ხარ ეგ ფაქტი ვერ დაგაბრკოლებ. 6 წელზე მეტია რაც ქიშაზე ვხატავ, დღემდე ყველაფერი ჩემით ავითვისე და დღესაც ვაგრძელებ ცოდნის განვითარებას. ამ პერიოდის განმავლობაში ხშირად მეკითხებოდნენ ბავშვებს ხომ არ ვამზადებ. დღეს კი, როცა უკვე გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა ვფიქრობ, რომ ქვიშაზე ხატვაში მომზადება არასწორი მიდგომაა. ვერ მოამზადებ ისე, როგორც ამზადებენ მათემატიკაში ან ქართულში (და ეს მარტო ჩემი აზრი არ არის). ეს მიდგომა ზოგადად სხვა თანამედროვე კრეატიული ხელოვნებების მიმართაც სწორია. თუმცა, სწორედ ამ და მსგავს კითხვებზე პასუხის გასაცემად გავაკეთე ქვიშაზე ხატვის მასტერ კლასები, სადაც იდეაში მე მინდა ვასწავლო დამოუკიდებლად როგორ უნდა ისწავლონ ქვიშაზე ხატვა და არა მარტო.
- თანამედროვე ხელოვნების კიდევ რა მიმდინარეობებს ფლობთ?
— მიუხედავად იმისა, რომ ადრეც მქონდა ინტერესი თანამედროვე, კრეატიული ხელოვნებების მიმართ, ქვიშაზე ხატვის შემდეგ ინტერესი უფრო გამიმძაფრდა. გავხდი უფრო თამამი და თვითდაჯერებული და უკვე გამიჩნდა ექსპერიმენტების, მცდელობების სურვილი, გამბედაობა. ანუ ის რასაც ვხედავდი ინტერნეტში, სურათებში, რაც მომწონდა და იყო კრეატიული, მინდოდა „ჩემს ხელოვნებად მექცია“ და დღეს უკვე ქვიშაზე ხატვის გარდა, ვფლობ წყალზე ხატვას, ძაფის ხელოვნებას (ლურსმნებით და ძაფებით შექმნილი ნახატები), წიგნის ხელოვნებას (წიგნის ფურცლების ჩაკეცვით მიღებული „ნახატები“), ქაღალდის ხელოვნებას.
- შეიძლება ითქვას, რომ თქვენთვის შემდგომი დახელოვნების მუზა ქვიშაზე ხატვა გახდა?
— შეიძლება ეგრეც ითქვას, რადგან ყველაფერი ისევ და ისევ ქვიშაზე ხატვით დაიწყო. ინტერესი მანამდეც იყო ძალიან ბევრი საგნის მიმართ, მაგრამ ქვიშაზე ხატვის გამოცდილებამ სურვილი გამიჩინა სხვა „ხელობაც“ მეცადა პრაქტიკაში.
უბრალოდ ძალიან მომწონდა ეს მიმართულებები, განსხვავებულად ორიგინალური იყო ჩემთვის, კრეატიული, ერთი შეხედვით მარტივი მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი. არის რაღაცები, რაც მომწონს კრეატიული ხელოვნებიდან და არის რაც არ მომწონს, ჩემი ასე ვთქვათ კრიტერიუმები მაქვს კრეატიულ ხელოვნებებთან დაკავშირებით. ფაქტი ერთია — მე ვანგოგი ან მოცარტი არ ვარ, მე უბრალოდ პრიმიტიული ნივთებისგან ვქმნი საზოგადოებისთვის საინტერესო ნივთებს, რაც ყველას შეგიძლიათ შექმნათ და ეს სიამოვნებას მანიჭებს.
- თუ ატარებ საკუთარი ნამუშევრების გამოფენებს? რომელი პროექტებით გიცნობენ?
— გამოფენებს ვატარებდი, მაგრამ ეს იყო ჩემი ხარჯებით. ვგეგმავ მრავალფეროვანი და მასშტაბური გამოფენის გამართვას (რომლის მსგავსი საქართველოში დარწმუნებული ვარ არ ყოფილა) თუმცა ამასაც ფინანსები სჭირდება.
პროექტებს რაც შეეხება, გამოფენების გარდა, საკმაოდ ბევრი პროქეტი გაკეთდა ამ 6 წლის განმავლობაში. ჩემთვის ყველაზე გამორჩეული მაინც რა თქმა უნდა იყო „ქვიშის სამყაროს“ ზღაპრები, რომელიც ტელეკომპანია „GDS“-ის ეთერში გადიოდა და დღემდე პოპულარულია ბავშვებში ჩემს youtube-ის არხზე. ამის გარდა იყო რამდენიმე სოციალური და სარეკლამო კამპანია, საერთაშორისო ფესტივალები, ღონისძიებები, დოკუმენტურ ფილმშიც დამიხატავს. იდეები, განსაკუთრებით ასეთ სფეროში საკმაოდ ბევრია, მთავარია იყოს სტიმული და საჭირო ფინანსები.
- რამდენად შესაძლებელია თქვენი საქმიანობით საქართველოში თავის რჩენა?
— ეს ცოტა რთული საკითხია… ამ კითხვაში არის ერთი სიტყვა „საქართველოში“, რაც ართულებს ამ თემას. ხელოვნების ნიმუში ან თუნდაც უბრალოდ ხელნაკეთი და ორიგინალური ნივთი, ამას სჭირდება დაფასება და შემდეგ შეფასება. მქონია შემთხვევა, რომ ბევრი უყურებს რა ღირებულების მასალა დაიხარჯა ამა თუ იმ ნამუშევარზე. მაგალითისთვის, ძაფის ხელოვნება — უთქვამთ რომ ეს არის ძაფი და ლურსმანი მეტი არაფერი და რატომ ღირს ეს ფასი (წარმოიდგინეთ მხატვრის ნამუშევარი შეაფასონ იმის მიხედვით, რა ღირებულების საღებავი და მასალა დაიხარჯა, სასაცილოა). იშვიათად თუ აქცევენ ყურადღებას, რომ ძალიან დიდი შრომაა ჩადებული, ენერგია, შემოქმედებითობა და რაც მთავარია დრო. ეს გარკვეულწილად იქედანაც გამომდინარეობს, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა ამ სფეროს საქართველოში, იგივე შეიძლება ითქვას მედია საშუალებების მხრიდან და შესაბამისად არ არის ინფორმირებული საზოგადოება. რადგან მედია არ არის ჩართული მსგავს საკითხებში, ნაკლებია ინტერესი ბიზნეს სექტორის მხრიდანაც. რეალობა გულდასაწყვეტია, რადგან ამ კუთხით დღეს საკმაოდ დიდი პოტენციალია საქართველოში. რადგან ვიცი რა გრძნობაა, როდესაც აფასებენ შენს ნამუშევარს და ეს რამხელა სტიმულის მომტანია.
- თქვენი საუბრის შემდეგ რთული მისახვედრია რა პროფესიის შეიძლება იყოთ…
— დავამთავრე კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა, ჩავირიცხე კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე. პროფესიით მენეჯერი ვარ. ორივე პროფესია ჩემი ჰობია. ნათქვამია, „აკეთეთ ის, რაც თქვენ გიყვართ და არც ერთი დღე თქვენს ცხოვრებაში არ იქნება სამუშაო დღე". თამამად ვიტყვი, რომ მე დღემდე არ მიმუშავია და ამით ბედნიერი ვარ.
შოთა ნოზაძე