მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართველი პაციენტები უცხოეთში მკურნალობას არჩევენ

© Courtesy of Teona Varshalomidzeთეონა ვარშალომიძე
თეონა ვარშალომიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს ჩვენ მკითხველს მრავალმხრივ წარმატებული ქართველი თეონა ვარშალომიძე გვსურს გავაცნოთ.

მასთან საუბარი ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს შეეხო. მანამდე მის მიერ განვლილ პროფესიულ გზას მოკლედ გაგაცნობთ: ანკარაში ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალობით დაამთავრა. ამ სფეროში მიღებული აქვს სერიოზული პრაქტიკული გამოცდილება, არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. თუმცა მისი საქმიანობა მარტო სამედიცინო სფეროთი არ შემოიფარგლება, ქალბატონი თეონა იყო საქართველოს ახალგაზრდა ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, ქართული ენის მასწავლებელი ინეგოლსა და ბურსაში. დღეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სექტორის მიწვეული ლექტორი, „ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალის” დირექტორის ასისტენტი და „ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ რექტორის ასისტენტია. მიღებული აქვს ბევრი სიგელი და ჯილდო. დანარჩენს საუბრიდან შეიტყობთ. 

© Courtesy of Teona Varshalomidzeთეონა ვარშალომიძე
თეონა ვარშალომიძე - Sputnik საქართველო
თეონა ვარშალომიძე

– ქალბატონო თეონა, გადავხედე თქვენს შრომით ბიოგრაფიას და, გულწრფელად გეტყვით, არ მესმის, როდის მოასწარით ამდენი რამ თქვენ ასაკში, პირადი ცხოვრებისთვის თუ გრჩებათ დრო?

— პირადი ცხოვრებისთვის? რა გითხრათ, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჯერ ისევ დაუოჯახებელი ვარ, ალბათ შეიძლება ითქვას, რომ არ მრჩება…

– სამედიცინოს განათლების მისაღებად რატომ შეაჩერეთ არჩევანი ანკარის უნივერსიტეტზე?

— თავიდან არ ვიცოდით ენის მოსამზადებელ კურსებზე რომელ ქალაქში გაგვიშვებდნენ. ანკარაში 2010 წელს მოვხვდით. ვიცოდი, რომ იქ იყო უძლიერესი ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტი, რომელიც თურქეთის ჯანდაცვის სექტორში პირველი იყო. ვიფიქრე, გამიმართლა–მეთქი და უმაღლესი აღარ შევიცვალე. თანაც, სტამბულისგან განსხვავებით, ანკარა უფრო მშვიდი ქალაქია, მოკლედ, იქ დავრჩი… მერე აღმოვაჩინე, რომ ეს ქალაქი სხვა მხრივაც უკეთესი იყო, იმიტომ რომ იქ საქართველოს საელჩოა და განვახორციელებდი იმ იდეებს, რაც ბავშვობიდან მაწუხებდა. ძალიან მაინტერესებდა ქართველი მუჰაჯირების თემა, ვიცოდი, რომ იქ ცხოვრობენ. სულ მინდოდა გამეგო, ნეტავ ქართულად მართლა თუ ლაპარაკობენ–მეთქი… პირველი ორი წელი შეგუების წელი იყო. გადატვირთული საუნივერსიტეტო რეჟიმის გამო იქაური ქართველები ვერ მოვიკითხე. მერე საელჩოს დავუკავშირდი, ბატონ ირაკლი კოპლატაძეს და მის მეუღლეს ირინე გივიაშვილს და მათგან ყველაფერი გავიგე.

© Courtesy of Teona Varshalomidzeთეონა ვარშალომიძე მოსწავლეებთან ერთად
თეონა ვარშალომიძე მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო
თეონა ვარშალომიძე მოსწავლეებთან ერთად

– რამდენადაც ვიცი ჩემი რესპონდენტებისგან, ანკარაში არსებულ საქართველოს საელჩოს იქ მყოფი ქართველები ძალიან ემადლიერებიან…

— მართლაც ასეა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ამდენი წელია ქართველი სტუდენტები თურქეთში არიან და მთელი ამ დროის მანძილზე, ვისაც უნდა ჰკითხოთ, ყველა გეტყვით, რომ ბატონო ირაკლი და ქალბატონი ირინე ამ ახალგაზრდების გვერდით დგანან. ისინი მათ მოდუნების უფლებას არ აძლევენ. ბატონი ირაკლი პირველი ქართველი ელჩი იყო, ვინც გადაწყვიტა თურქეთში მყოფი ქართველი სტუდენტები ერთად შეეკრიბა… დროთა განმავლობაში ანკარაში აქტიურ ცხოვრებაშიც ჩავერთე.

© Courtesy of Teona Varshalomidzeსაქართველოს დღეები თურქეთში
საქართველოს დღეები თურქეთში - Sputnik საქართველო
საქართველოს დღეები თურქეთში

– დღეს კარგად იცნობთ ქართულ და თურქულ სამედიცინო სფეროს და შედარების საშუალებაც გაქვთ, რა არის თვალშისაცემი განმასხვავებელი ნიშანი მათ შორის?

— სულ ვამბობ და ბევრი ადამიანი მეთანხმება – საქართველოში დიდი გონებრივი რესურსია, ანუ ქართველ ახალგაზრდებს ყველაფრისადმი განსხვავებული მიდგომის უნარი აქვთ. მიუხედავად ამისა, ქართულ ჯანდაცვის სფეროში მაინც გვაქვს პრობლემები. იცით, რა ხდება? ვვითარდებით და მერე რაღაც ეტაპზე ისევ ვჩერდებით ხოლმე.

– ამის მიზეზი ჩვენთან არსებული ბიუროკრატული სისტემა ხომ არ არის? აქვე მკითხველს ვაცნობებ, რომ თქვენი სადიპლომო თემის სახელწოდებაა „პაციენტთა შეფასება, რომელთა მკურნალობაც ვერ ხერხდება საქართველოში — მათი პრობლემების მიმოხილვა ფინანსურ და ბიუროკრატიულ ჭრილში და სახელმწიფოს როლი მათი მკურნალობის უზრუნველყოფაში”.

— რაღაც ეტაპზე, ალბათ, საქმეს ესეც აფერხებს… თუ გვინდა, რომ ჯანდაცვის სფეროში, სულ მცირე, ჩვენი მეზობელი თურქეთის მსგავსი შედეგი გვქონდეს, პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ისაა, რომ საგანმანათლებლო სისტემა თავიდან ბოლომდე უნდა შევცვალოთ. გარდა იმისა, რომ მე იქ მუშაობის საშუალება მქონდა, როგორც პაციენტსაც მომიწია ამ სფეროსთან შეხება. მამას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და ანკარის კლინიკაში მკურნალობს. თავიდან თბილისში მინდოდა მისი მიყვანა და ყველა მეუბნებოდა, ამხელა კონტაქტები გაქვს და თბილისში რატომ უნდა წაიყვანოო. მე ვპასუხობდი – თბილისში რატომ არ უნდა წავიყვანო, ჩვენ არანაკლები კლინიკა გვაქვს–მეთქი. უბრალოდ, რაშია, იცით, საქმე? ჩვენთან ამ სფეროში ერთმანეთთან ჯაჭვური კავშირი არ არსებობს. თურქეთში კი სამედიცინო სიტემა ერთი მთლიანი ჯაჭვია.

© Courtesy of Teona Varshalomidzeთეონა ვარშალომიძე
თეონა ვარშალომიძე - Sputnik საქართველო
თეონა ვარშალომიძე

– იქნებ კონკრეტულად მითხრათ, რას გულისხმობთ?

— ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ: პროფესორმა მის ქვედა რგოლს უნდა მიხედოს, ანუ გაზარდოს სპეციალისტი, რომელსაც, თავის მხრივ, აუცილებლად უნდა ჰყავდეს სტუდენტი მიმაგრებული, რომელიც ამ სფეროს ბოლო კურსამდე მიჰყვება. იქ იწყება ჩვეულებრივ მეოთხე კურსის სტუდენტით, მერე ინტერნით, მერე რეზიდენტით, იმას უფროსი რეზიდენტი და ამ უკანასკნელს აკადემიური პერსონალი აკონტროლებს. თურქეთში ერთი პაციენტი ყველა ამ რგოლს გადის. გარდა იმისა, რომ ისინი სწავლობენ, სამედიცინო მომსახურება ყველა მხრივ აქვთ უზრუნველყოფილი. საქართველოშიც, დროა, ეს დავიწყოთ. ამგვარი მიდგომის გარეშე არაფერი გვეშველება. ჩვენთან კი, მეც მქონია ამასთან შეხება, არიან პროფესიონალები, მაგრამ მათ არ უნდათ, რომ ახალგაზრდა კადრი გაზარდონ და თავისი ცოდნა- გამოცდილება გაუზიარონ. მახსოვს რამდენიმე ლექტორი, რომელიც პაციენტს ჩვენი თანდასწრებით არაფერს ეუბნებოდა. სანამ ეს მენტალიტეტი არ შეიცვლება, საქართველოში ყოველთვის იქნება მსგავსი პრობლემა. ხშირად მირჩევენ ხოლმე – რაც იცი, იმას ვინმეს ნუ ეუბნებიო. ჩემთვის მართლა გაუგებარია, მე თუ არ ვუთხარი ჩემ შემდგომს ის, რაც ვიცი, მაშინ როგორც სპეციალისტი როგორ გაიზრდება?! მოკლედ, დღეს მთელი ჩვენი სისტემა ასეთ მომენტს განიცდის…

© Courtesy of Teona Varshalomidzeთეონა ვარშალომიძე კოლეგებთან ერთად კლინიკაში
თეონა ვარშალომიძე კოლეგებთან ერთად კლინიკაში - Sputnik საქართველო
თეონა ვარშალომიძე კოლეგებთან ერთად კლინიკაში

– ანუ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სისტემა ქმნის ადამიანს და ამგვარ დამოკიდებულებებსაც?

— მართალი ხართ. მე არ ვამბობ, რომ თურქეთში ყველა ექიმი საუკეთესოა, მაგრამ იქ სისტემაა მოწესრიგებული და ყველა იმდენად აკონტროლებს ერთმანეთს, რომ შესაძლოა დაბალი რანგის ექიმს უფრო არ გამოეპაროს რაიმე, ვიდრე მაღალი რანგის სპეციალისტს. ამით კი არც სფერო და არც პაციენტი არ ზარალდება. თურქეთში ყოფნის დროს ჯანდაცვის სფერო იყო ჩემი სამაგისტრო პროგრამა, ვეძებდი და ყველაფერს ვიკვლევდი. მაგალითად იმას, თუ ვინ, რა სახის პაციენტები მოდიან საქართველოდან, განსაკუთრებით რა მიმართულებაშია ჩვენში პრობლემები…

– მაშინ, ალბათ, დააკვირდებოდით, ყველაზე ხშირად რა სახის პაციენტები მიდიოდნენ თურქულ კლინიკებში საქართველოდან, ონკო-დაავადებულები?

— პრინციპში, მედიცინის კუთხით რომ წარმოვიდგინოთ, მედიკამენტები ზოგადად ონკოლოგიაში ძალიან მარტივია. ყველა პაციენტი პროტოკოლს ვერ იცავს და მას მარტივად ვერ მიჰყვება. თანაც ყველას ერთი და იმავე სიმძიმის დაავადება არ აქვს. მოდიფიცირებაა საჭირო. თუ ვხედავთ, რომ პრობლემა გვაქვს, ისე გავაკეთოთ, რომ ყველა იმ სტანდარტულ პროტოკოლზე არ წავიდეს. იქნებ ვიღაცამ ეს გართულებული ვარიანტები ღრმად შეისწავლოს?

© Courtesy of Teona Varshalomidzeთეონა ვარშალომიძე ბაუ-ში
თეონა ვარშალომიძე ბაუ-ში - Sputnik საქართველო
თეონა ვარშალომიძე ბაუ-ში

– ეს რაც შეეხება სამედიცინო სფეროს, მაგრამ ვიცი, რომ თურქეთში თქვენი დიდი ხნის ოცნება აისრულეთ და ინეგოლში, სადაც ეთნიკურად ყველაზე მეტი ქართველია, ქართული ენის მასწავლებლად იმუშავეთ…

— როცა ინეგოლში ახალგაზრდა ელჩის სტატუსით ჩავედი, ამის განხორცილება რთულად მეჩვენებოდა, მაგრამ იქ იყვნენ ადგილობრივები, რომლებმაც მითხრეს, თუ შენ ნამდვილად გინდა რაიმე გააკეთო, სხვა ქალაქებშიც ხომ არ დავგეგმოთო. რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა, ის იყო, რომ მეგონა ქართული ენის შესწავლის მსურველებს შორის ძირითადად იქნებოდნენ შუახნის ადამიანები, რომლებმაც ქართული ენა მშობლებისგან იციან, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ადგილობრივი ქართული ფოლკლორული ანსამბლის პატარა წევრებმაც აქტიურად გადაწყვიტეს ქართული ესწავლათ. როცა ისინი ჩემთან მოვიდნენ, ეს იყო ემოციურად ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი. ყველა ქართულ ანდაზას იზეპირებდნენ და მეორე დღეს მეკითხებოდნენ, მაგალითად, „ფერი ფერსა — მადლი ღმერთსა“ რას ნიშნავსო? ყველა ანდაზის შინაარსის გაგებას ითხოვდნენ. სხვებზე მეტად ერთი პატარა ულამაზესი გოგონა დამამახსოვრდა, რომელიც ქართულად ძალიან ლამაზად წერდა. ეს იყო ბავშვი უცნაური აქცენტით და გამომეტყველებით. თურქულად მისი სახელი მარგალიტს ნიშნავს და მისი სახით მართლა მარგალიტი მყავდა. მას კიდევ სამი და ჰყავდა…

– კეთილი, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ კიბერდანაშაულთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაში როგორ მოხვდით?

— ჰოო… აი, მანდ მართლა გაუგებრობაში მოვხვდი! ანკარაში თარჯიმანს ეძებდნენ და ბატონმა ირაკლიმ მითხრა, შენ უნდა გაგიშვა იქ, როგორც თურქული ენის კარგი მცოდნეო. თავიდან, გულახდილად გეტყვით, შემეშინდა რამე შეცდომით არ ვუთარგმნო და ეს შეცდომა მე კიბერდანაშაულად არ ჩამეთვალოს–მეთქი, მაგრამ იქაური სპეციალისტი დამეხმარა. მერე თავადაც კმაყოფილები იყვნენ, რადგან, ეტყობა, მართლა კარგად ვუთარგმნე.

– ქალბატონო თეონა, ამ ეტაპზე რა არის N1 საკითხი, რაც გინდათ გადაჭრათ?

— კარგი კითხვა დამისვით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ძალიან ბევრ სფეროს მოვედე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ ექიმი, რომელიც არაფერს აკეთებს, არ ვითარდება, თუ არ ცდილობს იმ სფეროში რამე შეცვალოს. მივხვდი, რომ მთავარი რაც არის, ანუ ექიმ-პრაქტიკოსობა, ეგ არ უნდა დავივიწყო… ჯერჯერობით სპეციალიზებული ექიმი არ ვარ, პედიატრიაში ვმუშაობ. ახლა ბათუმში ვარ, საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ახალშობილთა განყოფილების ექიმი, ასევე ვმუშაობ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში რექტორის ასისტენტად. კარგია, როცა ორივე სფერო — საუნივერსიტეტო განათლება და ექიმ-პრაქტიკოსობა ერთმანეთს მიჰყვება. ბათუმმა ამ ეტაპზე ამის საშუალება მომცა. საერთოდ, ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში რაც ჩავიფიქრე, ყველაფერს ეტაპობრივად ვაღწევ…

ყველა ახალი ამბავი
0