თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ოზურგეთის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის წევრის, გიორგი როყვას ახლობლებს მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით შსს-სთვის არ მიუმართავთ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ მმართველ პარტიაზე მინიშნებები გააკეთა, პოლიციამ დაკარგული როყვა იპოვა.
როყვას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია ოთხშაბათს გავრცელდა, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნების მეორე ტურამდე ოთხი დღით ადრე, რომელიც ოზურგეთშიც ჩატარდება. იქ მერის პოსტზე კენჭს იყრიან დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე (სწორედ მის შტაბში მუშაობდა როყვა) და "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ამ საქმის გამოძიება მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს. გამოძიების შედეგად როყვა ნაპოვნია და ის ახლა პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, იუწყება ტელეარხი Imedi.
მანამდე ხუთშაბათს შარაშენიძის მომხრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
"ჩვენ ვაპროტესტებთ ბეგლარ სიორიძის შტაბის მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ ზეწოლას, დაშინებას, მოსყიდვას და ა.შ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოვახდენთ რეგირებას იმ ფაქტზე, რომელიც გიორგი როყვასთან დაკავშირებით მოხდა. ამასთან დაკავშირებით შევაგროვებთ ხელმოწერებს, შევადგენთ პეტიციას და ყველა ძალოვან უწყებებს გავუგზავნით", — განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ამირან ბაქანიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში.
საქართველოში 21 ოქტომბერს 64 ქალაქისა და რაიონის მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები გაიმართა. უმეტეს შემთხვევაში არჩევნები მმართველი პარტიის კანდიდატების გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ტური ჩატარდება ქუთაისში, მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში.