მოვაჭრეებს თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმიწისქვეშა გადასასვლელი
მიწისქვეშა გადასასვლელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოვაჭრეებს დახლების მაღაზიებიდან გამოტანა ეკრძალებათ

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" ინსპექტორებმა მიწისქვეშა გადასასვლელების შემოწმება დაიწყეს და მოვაჭრეებს ორი დღის განმავლობაში ტერიტორიის დაცლა მოსთხოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული ვითარება თბილისის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის კრიტიკის საგანი გახდა, რომელიც მერის უფლებამოსილების აღსრულებას ოფიციალურად 12 ნოემბრიდან შეუდგება. სამშაბათს კალაძემ გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა, რის შემდეგაც „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელობას ტერიტორიის გასუფთავება და მიწისქვეშა გადასასვლელების წესრიგში მოყვანა დაავალა.

კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" ინსპექტორების გაფრთხილებას მოვაჭრეთა პროტესტი მოჰყვა. ისინი აცხადებენ, რომ თუ დახლებს მაღაზიებში შეიტანენ, ვაჭრობა შემცირდება. მოვაჭრეების სიტყვებით, მსგავსი მოთხოვნით მათთვის ადრე არავის მიუმართავს.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ქალი მიწისქვეშა გადასასვლელიდან გამოდის - Sputnik საქართველო
მიწისქვეშა სისუფთავე: თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელებს მოაწესრიგებენ

ამასთან, კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნავენ, რომ ისინი ქალაქის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად მსგავს შემოწმებას პერმანენტულად ატარებენ.

უახლოეს პერიოდში თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში ვიდეოდაკვირვების კამერები დამონტაჟდება, მანამდე კი ვითარებას ქვეითი პატრული გააკონტროლებს.

როგორც ადრე კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა ლევან ჯღარკავამ განაცხადა, თბილისში სულ 55 მიწისქვეშა გადასასვლელი არსებობს, საიდანაც 33 მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ფართები იჯარით არის გაცემული. ამასთან, არსებობს მიწისქვეშა გადასასვლელები, სადაც პრივატიზებული ფართებია. ჯღარკავას განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ამ ფართების მფლობელების მოვალეობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გარკვეულ საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს.

სამშაბათს კალაძემ კომპანია „თბილსერვის ჯგუფს" მიწისქვეშა გადასასვლელებთან დაკავშირებით ერთიანი სტრატეგიის შემუშავებისათვის 10-დღიანი ვადა მისცა, რაზეც მუშაობა, ჯღარკავას თქმით, უკვე მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0