კალაძე ყვითელი მიკროავტობუსებით დაინტერესდა

გამოწერა
კახა კალაძემ, რომელიც კვირის ბოლოს თბილისის მერის უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგება, ქალაქის მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ტრანსპორტთან დაკავშირებულ პრობლემებს მოაგვარებს.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ახლადარჩეულმა მერმა კახა კალაძემ უკმაყოფილება გამოთქვა დედაქალაქში მიკროავტობუსების მუშაობასთან დაკავშირებით და მგზავრებისთვის კომფორტის შექმნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი, იუწყება „პირველი რადიო".

დღეს თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დედაქალაქში დღის განმავლობაში მიკროავტობუსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.

თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე მეტროში - Sputnik საქართველო
კალაძე მეტროსა და ავტობუსში: თბილისის ახალარჩეული მერი ხალხში გავიდა

„სამარშრუტო ტაქსებთან დაკავშირებული რეგულაციები არსებობს, თუმცა ისინი არ სრულდება. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რამდენადაც დღეს ბევრი მგზავრობს ყვითელი სამარშრუტო ტაქსით. ეს ნომერი პირველი ტრანსპორტია, რომელსაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაჰყავს. შესაბამისად, პრინციპულად მნიშვნელოვანია მგზავრებისთვის კომფორტის შექმნა და ისიც, რომ ზაფხულში ისინი არ რთავენ კონდიციონერს, ასეთი რამ აღარ მოხდება, ეს დასრულდება! კომპანიის ხელმძღვანელობამ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები", — განაცხადა კალაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სეზონზე კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი" ქალაქის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ავალდებულებს კონდიციონერების ჩართვას, ბევრი მგზავრი უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მძღოლები სისტემის გაუმართაობას იმიზეზებენ და არ ასრულებენ ამ მოთხოვნას. თბილისის მონიტორინგმა აჩვენა, რომ ზაფხულში გაგრილების სისტემით სამარშრუტო ტაქსების მხოლოდ 20% სარგებლობდა.

თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობის ღირებულება 0,8 ლარია, მოკლე მანძილზე კი 0,5 ლარი.

მძღოლებთან პრეტენზიის შემთხვევაში მგზავრებს შეუძლიათ საინფორმაციო ცენტრს მიმართონ ნომერზე 032 220-03-40.

ყველა ახალი ამბავი
0