თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელმა მეცნიერებმა გამოიგონეს საშუალება, რომელიც სიმსუქნისკენ მიდრეკილ ადამიანებს დაეხმარება ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში დამღლელი დიეტებისა და ვარჯიშის გარეშე, შესაბამისი კვლევა გამოქვეყნებულია ჟურნალში Nature Medicine.
აშშ-ში ბეილორის სამედიცინო კოლეჯის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ასპროზინის ჰორმონის კონცენტრაციის დაქვეითება, რომელიც სისხლში გლუკოზის დონეზეა პასუხისმგებელი, ხელს უწყობს შიმშილის გრძნობის დაქვეითებას და ადამიანის მიერ საკვების რაოდენობის მიღების შემცირებას.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზედმეტი წონის მქონე ადამიანებს სისხლში ასპროზინის დონე აქვთ მომატებული. სწავლულები აღნიშნავენ, რომ უკვე შემუშავებულია საშუალება, რომელიც მთლიანად ანეიტრალებს ჰორმონის მოქმედებას. პირველი კლინიკური ცდები უკვე ჩატარდა.
ადრე ბრაზილიის კამპინასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს კვლევის შედეგები, რომელმაც შესაძლებელი გახადა სიმსუქნის ძირეული მიზეზების დადგენა. ზედმეტი წონის სწრაფ მატებას იწვევს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ცვლილება და ჰიპოთალამუსში (შუამდებარე ტვინის ნაწილი) სპეციფიკური ნეირონების განადგურება.
სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სწორედ ნეირონების განადგურება, რომელიც ზომიერების შეგრძნებას არეგულირებს, მთელ ორგანიზმში „ჯაჭვურ რეაქციას" იწვევს. ახლა სპეციალისტებმა დაუბალანსებელი დიეტების შედეგად დაკარგული ნეირონების აღდგენის რაიმე საშუალებას უნდა მიაკვლიონ.