მისი ხელოვნება მრავალფეროვანია. პოლიმერული თიხისგან ქმნის სამკაულებს, ბროშებს, თმის სამაგრებს, საქორწილო აქსესუარებს. გვანცა, ჰობის შესახებ, რომელიც შემოსავლის წყაროდ აქცია, „Sputnik–საქართველოს“ ესაუბრა.
– ძალიან მრავალფეროვანია თქვენი ხელოვნება. რა ნივთებს ქმნით ამ ეტაპზე?
— ამჟამად აქტუალურია პოლიმერული თიხისგან დამზადებული თმის სამაგრები და ბროშები. მეც, შესაბამისად, ამ ნივთების დამზადებით ვარ დაკავებული. მალე ჩემი უსაყვარლესი დღესასწაული მოდის, შობა–ახალი წელი და ჯადოსნური სამყაროს შესაქმნელად ვემზადები.
– როდის გაგიჩნდათ ხელნაკეთი ნივთების შექმნის სურვილი და როგორ შეისწავლეთ?
— ყოველთვის მხიბლავდა და მაინტერესებდა ხელნაკეთი ნივთები და მათი შექმნა. ბავშვობაში ბისერებით ვაკეთებდი სამკაულებს, ვძერწავდი პლასტილინისგან ფიგურებს, საკმაოდ კარგადაც გამომდიოდა. ბოლო დროს სიამონებით ვუყურებდი ვიდეოგაკვეთილებს და ერთი წლის წინ თავადაც ვცადე. ვიცოდი, რომ გამომივიდოდა, არასოდეს არ ვყოფილვარ ასეთი თავდაჯერებული. ასე დავიწყე ძერწვა. იმდენად ბედნიერი ვიყავი ძერწვის დროს და იმდენად მსიამოვნებდა ეს პროცესი, რომ გადავწყვიტე ჰობი ჩემ ძირითად საქმიანობად მექცია. თავიდან რაც გავაკეთე, თითქმის ყველაფერი ახლობლებს ვაჩუქე. შემდეგ მათივე დაჟინებული მოთხოვნით დავაგროვე ნივთები და გავაკეთე გვერდი, ასე დაიბადა „ბაიკია“.
– რა მასალას იყენებთ მუშაობის დროს?
— ძირითადი და ერთადერთი მასალა არის პოლიმერული თიხა, რომელიც იძერწება როგორც პლასტილინი და შემდეგ, რომ გამყარდეს, სჭირდება გამოწვა. უკვე გამომწვარი თიხა ჩვეულებრივი თიხისგან განსხვავებით არის ძალიან მსუბუქი და აქვს დრეკადობა, ანუ მსხვრევადი არ არის. მოფრთხილების შემთხვევაში მრავალი წელი გემსახურებათ. ასევე სურვილისამებრ შეიძლება მისი მოხატვა საღებავებით. რაც შეეხება სირთულეს, არის პატარა ნიუანსები, რაც მასზე მუშაობისას უნდა იცოდე, ეს ყველაფერი პრაქტიკიდან გამომდინარე დროთა განმავლობაში იოლდება.
– რა გრძნობა გეუფლებათ, როცა თქვენი შექმნილი სამკაულით თავს იწონებენ?
— ეს არის ყველაზე დიდი სტიმული და ბიძგი უკეთესის შესაქმნელად.
– რთული არ არის პატარა ზომის სამკაულზე ნახატების გადატანა, ან ფორმების გამოყვანა? როგორ ახერხებთ ამას?
— რასაკვირველია, რთულია, მაგრამ ამავე დროს ძალიან საინტერესო. ვფიქრობ, ეს ორი ფაქტორი რომ არ არსებობდეს, აუცილებლად შევეშვებოდი ამ საქმიანობას. მიყვარს გამოწვევები და ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს ჯანსაღი და ძლიერი კონკურენცია.
– ფერების საოცარი შეხამება იგრძნობა თქვენ ნამუშევრებში. როგორ ქმნით ფერთა გამას, ალბათ, ეს უფრო სულის გამოძახილია?
— რაც შეეხება ფერებს, ხშირად მეკითხებიან, თიხა იყიდება ასეთი ფერების, თუ მე ვქმნი. ზოგადად, თიხის საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, მაგრამ მე მხოლოდ რამდენიმე ძირითადი ფერის თიხა მაქვს და მათი შერევით ვიღებ იმ ფერებს, რითიც შემდგომში ვახერხებ სხვების მოხიბვლას. ეს ძალიან საინტერესო და შრომატევადი პროცესია.
– ჩემი ყურადღება მიიქცია თქვენ მიერ შექმნილმა ანგელოზებმა. რამე სიმბოლური დატვირთვა ხომ არ აქვთ ამ ანგელოზებს?
— ეს ანგელოზები, რომლებიც თქვენ ნახეთ, შარშან, საახალწლოდ გავაკეთე ჩემი ოჯახის ნაძვის ხისთვის. ანგელოზები იმიტომ, რომ შობას უხდება. წელსაც აუცილებლად დავამზადებ და გვექნება მრავალფეროვანი არჩევანი, რათა სხვებსაც გავულამაზოთ საახალწლო დღეები და შევუქმნათ სადღესასწაულო განწყობა…