თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. მეექვსე მოწვევის თბილისის საკრებულოს პირველი სხდომა 14 ნოემბერს გაიმართება, ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.
თბილისის საკრებულოსა და მერის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა. თბილისის მოსახლეობამ 25 დეპუტატი პარტიული სიით და 25 — ერთმანდატიან ოლქებში აირჩია.
არჩევნების შედეგებით, ყველაზე მეტი ადგილი მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო — 50-დან 40 ადგილი.
საკრებულოში ყოფილმა მმართველმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5 ადგილი მოიპოვა. „ევროპული საქართველო — მოძრაობა საქართველოსთვის“ — 3, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ — 2.
პირველ სხდომაზე დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარეს აირჩევენ. არჩევნებამდე „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ამ თანამდებობაზე კანდიდატი გიორგი ტყემალაძეა, რომელსაც წინა მოწვევის საკრებულოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
გარდა ამისა, 14 ნოემბერს საკრებულოში კენჭს უყრიან ფრაქციების (არანაკლებ სამი ადამიანისა) და 11 კომისიის შექმნასა და შემადგენლობის განსაზღვრას.
მომავალი თვის განმავლობაში ახლადარჩეულ საკრებულოს ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება მოუწევს — თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და თბილისის 2018 წლის ბიუჯეტის.