თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საპარლამენტო კომიტეტები შეუდგნენ კანონპროექტის განხილვას, რომელიც საქართველოს მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმის გაზრდას ითვალისწინებს.
ცვლილებების თანახმად, ჯარიმის ოდენობა, შესაძლოა, 5 ლარიდან 20 ლარამდე გაიზარდოს. შესაბამის ცვლილებებს საქართველოს სამართალდარღვევათა ადმინისტრაციულ კოდექსში შეიტანენ. ცვლილებების ავტორია საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი.
ამასთან ერთად, პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კანონპროექტის თანახმად, იგეგმება ჯარიმის გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავის ოდენობის შემცირება 50-დან 40 ლარამდე.
კანონპროექტის თანახმად, მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისშივე შეიძინოს ბილეთი ან გადაიხადოს მგზავრობისთვის განსაზღვრული თანხა გადახდის ელექტრონული საშუალებით.
მხოლოდ 2014 წელს თბილისში უბილეთოდ მგზავრობისათვის ჯარიმებისა და საურავებისგან ბიუჯეტში 754,5 ათასი ლარი შევიდა, 2015 წელს — 396,8 ათას ლარზე მეტი, 2016 წელს კი 490,7 ათასი ლარი.
2007 წლიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე სპეციალური ელექტრონული ბარათი "მეტრონომით". ავტობუსებსა და მეტროში მგზავრობის ღირებულება 0,5 ლარია.
თბილისის მერია გეგმავს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის გადახდის თანამედროვე სისტემის დანერგვას. ახალი სისტემა ითვალისწინებს გადახდას "საქართველოს ბანკის" ბარათების მეშვეობით, ასევე ვირტუალური გადახდის საშუალებებს.
სურვილის შემთხვევაში აგრეთვე შესაძლებელი იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათების გამოყენება. ტურისტები შეძლებენ როგორც საკუთარი საბანკო ბარათებით გადახდას, ისე სატრანსპორტო ბარათების გამოყენებას.
ახალი სისტემის ამოქმედება 2018 წლის ივნისში იგეგმება.