თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე, რომელიც კუნძულ კრეტაზე დასრულდა.
ტურნირის დასკვნით დღეს ქართველმა მოჭადრაკეებმა იტალიის გუნდთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ანგარიშით 3,5:0,5, ჯამში დააგროვეს 14 ქულა და ჩემპიონატის მეორე ადგილი გაინაღდეს.
იტალიის გუნდის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ყაიმით მხოლოდ ნანა ძაგნიძისა და ოლგა ზიმინას პარტია დასრულდა, ხოლო ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ საკუთარი პარტიები წარმატებით დაასრულეს.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, ევროპის ჩემპიონები ზედიზედ მეორედ რუსი მოჭადრაკეები გახდნენ, რომლებმაც 17 ქულა დააგროვეს. ლიდერთა სამეულს 13 ქულით უკრაინის ქალთა ნაკრები ასრულებს.
ევროპის ჩემპიონატი მამაკაცებს შორის აზერბაიჯანის ნაკრებმა მოიგო, რომელმაც რუსეთის ნაკრებს დამატებითი მაჩვენებლებით სძლია. მესამე ადგილზე უკრაინის ნაკრები გავიდა.
ქალთა ნაკრებისგან განსხვავებით, საქართველოს მამაკაცთა ნაკრების თამაში მაღალი დონის არ იყო. მათ ჯამში მოპოვებული 9 ქულით მე-19 ადგილი დაიკავეს.