თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. მეხუთე მოწვევის თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ბოლო სხდომა გამართეს და ამით თავისი სამუშაო დაასრულეს.
ამჟამინდელი დეპუტატების უფლებამოსილება 14 ნოემბერს ამოიწურება, როდესაც მეექვსე მოწვევის საკრებულოს დეპუტატები სხდომაზე შეიკრიბებიან. ამ სხდომაზე დეპუტატები თავმჯდომარეს აირჩევენ.
„თქვენ ისტორიულ სხდომას ესწრებით. რამდენიმე დღეში მეხუთე მოწვევის საკრებულო სამუშაოს შეწყვეტს და ამ დარბაზში მეექვსე მოწვევის დეპუტატებს მიესალმება“, — განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.
მან ახალ საკრებულოს წარმატებები უსურვა.
„ჩვენი მოწვევის საკრებულო იყო ერთ-ერთი გამორჩეული თავის საქმიანობით. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ჩემს კოლეგებს, ჩემი გუნდის წევრებს, ოპოზიციონერებსაც, რომ ამ დროის განმავლობაში ერთად ვიყავით. ვისურვებდი, რომ მე-6 მოწვევის საკრებულო გაცილებით კონსტრუქციული, ორიენტირებული იყოს ქალაქის განვითარებაზე. ყოველთვის ამაყი ვიყავი, ვარ და ვიქნები, რომ ამ საკრებულოს მე-5 მოწვევის თავმჯდომარე ვიყავი“, — განაცხადა ალიბეგაშვილმა.
არჩევნების შედეგების მიხედვით, თბილისის საკრებულოში ადგილების უმეტესობა მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ ერგო (50-დან 40). „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხუთი ადგილი მოიპოვა, „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ – 2.
25 დეპუტატი პარტიული სიით არის არჩეული, 25 — დედაქალაქის ერთმანდატიან ოლქში.
შემდეგი თვის განმავლობაში ახალარჩეულ საკრებულოს ქალაქისთვის ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მიღება მიუწევს — ეს არის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და 2018 წლის თბილისის ბიუჯეტი.