ჯანსუღ ჩარკვიანს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
86 წლის ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. ქართული საზოგადოება თანამედროვეობის გამოჩენილ ქართველ პოეტს ჯანსუღ ჩარკვიანს 9 ნოემბერს გამოემშვიდობება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანაშვიდები 7 და 8 ნოემბერს, 17:00 საათზე პოეტის სახლში (მისამართი: პეკინის ქუჩა, №2, I სადარბაზო, IV სართული) გაიმართება. ჯანსუღ ჩარკვიანს 9 ნოემბერს 11:00 საათისთვის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ, სადაც მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდება და სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. პოეტს ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ჯანსუღ ჩარკვიანი - Sputnik საქართველო
ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

პოეტი ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში სამი თვის წინ მოათავსეს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. გასულ კვირაში ჩარკვიანის ოჯახმა განაცხადა, რომ პოეტი კომიდან გამოვიდა. 86 წლის ჯანსუღ ჩარკვიანი 6 ნოემბერს გარდაიცვალა.

ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჯანსუღ ჩარკვიანი 1931 წლის 30 სექტემბერს თბილისში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მომავალმა პოეტმა პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი სახელწოდებით „ერთი ღამის სიჩუმეში" — 1959 წელს.

ჩარკვიანის ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოებია ლექსი „ჰიმნი თავისუფლებას", რომელიც 1989 წელს გამოქვეყნდა. მოგვიანებით ამ ლექსზე მუსიკა მისმა ვაჟმა მამუკა ჩარკვიანმა დაწერა და ეს კომპოზიცია სსრკ-ის დაშლის შემდეგ ახალი საქართველოს ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

ჯანსუღ ჩარკვიანი ღირსების ორდენის კავალერი იყო. 1996 წელს მას „თბილისის საპატიო მოქალაქის" წოდება მიანიჭეს. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.

ყველა ახალი ამბავი
0