თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. გარდაიცვალა თანამედროვეობის ცნობილი ქართველი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
86 წლის პოეტი ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში სამი თვის წინ მოათავსეს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. გასულ კვირაში ჩარკვიანის ოჯახმა განაცხადა, რომ პოეტი კომიდან გამოვიდა.
ჯანსუღ ჩარკვიანი 1931 წლის 30 სექტემბერს თბილისში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მომავალმა პოეტმა პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი სახელწოდებით „ერთი ღამის სიჩუმეში" — 1959 წელს.
ჩარკვიანის ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოებია ლექსი „ჰიმნი თავისუფლებას", რომელიც 1989 წელს გამოქვეყნდა. მოგვიანებით ამ ლექსზე მუსიკა მისმა ვაჟმა მამუკა ჩარკვიანმა დაწერა და ეს კომპოზიცია სსრკ-ის დაშლის შემდეგ ახალი საქართველოს ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
ჯანსუღ ჩარკვიანი ღირსების ორდენის კავალერი იყო. 1996 წელს მას „თბილისის საპატიო მოქალაქის" წოდება მიანიჭეს. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.