თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. 2017 წლის იანვარი-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 61 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 134,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 52%-ით მეტია.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი — 41% (6 086 733 ბოთლი), რუსეთი — 87% (38 355 125), უკრაინა — 48% (6 237 652), პოლონეთი — 18% (2 151 342), ლატვია — 31% (1 279 718), ბელარუსი — 42% (1 318 852), აშშ — 68% (394 464), გერმანია — 57% (367 342), ისრაელი — 149% (180 824), საფრანგეთი — 187% (98 194), აზერბაიჯანი — 76% (102 342) და სხვ.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან: რუსეთი (38355125), უკრაინა (6237652), ჩინეთი (6086733), ყაზახეთი (2671845) და პოლონეთი (2151342).
რაც შეეხება ბრენდის ექსპორტს, მსოფლიოს 22 ქვეყანაში ექსპორტირებულია 13630421 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 91%-ით აღემატება 2016 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 29,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი — მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 83%-ს აღწევს.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 20 ქვეყანაში ექსპორტირებულია 219 183 ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 198% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავლები 664,6 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 154%-ს მიაღწია.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებული შემოსავლები საანგარიშო პერიოდში 222,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს — ზრდამ 2016 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 50% შეადგინა.