თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ქვეყნის შეიარაღებული ძალების 242 მოსამსახურეს ახალი ბინები გადაეცა თბილისის სამხედრო ქალაქში, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური.
ბინების განაწილება ლოტოტრონის პრინციპით განხორციელდა. თავდაცვის მინისტრმა ბინის გასაღები პირველ ახალ მობინადრეს პირადად გადასცა და საცხოვრებელი ბინა მასთან ერთად დაათვალიერა.
„დღეს მართლაც ძალიან კარგი საფუძველი გვაქვს ვიყოთ ასეთი ხალიასიანები, იმიტომ რომ დღეს ბინების გადაცემით ჩვენ თქვენდამი იმ დიდ მადლიერებას გამოვხატავთ, რაც აქვს თითოეულ ქართველს და განსაკუთრებით სახელმწიფოს თქვენი ოჯახების მიმართ. სწორედ თქვენნაირი თავდადებული ადამიანები ქმნიან ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს", — განაცხადა იზორიამ.
ვარკეთილში, აბაშვილის N3-ში მდებარე სამხედრო ქალაქში ბინა 242 ყოფილ და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეს გადაეცა. მათ შორის 26 სამხედრო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული პირია, ხოლო დანარჩენი 216 – ყოფილი თუ მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან 2007-2009 წლებში საბინაო კონტრაქტები დაასრულეს.
კონტრაქტის საფუძველზე სახელმწიფოს დაახლოებით 2054 სამხედროს წინაშე ჰქონდა ბინების გადაცემის ვალდებულება, საცხოვრებელი ფართით უკვე დაკმაყოფილებულია 1286 სამხედრო. ამ დროისათვის თავდაცვის სამინისტროს ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება კიდევ 714 პირთან აქვს.
საქართველოში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2013 წელს დაიწყო.