საქართველოს პირველი პირები ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახსა და ნათესავებს უსამძიმრებენ

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამედროვეობის ცნობილი ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალება ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს.

86 წლის პოეტი ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში სამი თვის წინ მოათავსეს. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. გასულ კვირაში ჩარკვიანის ოჯახმა განაცხადა, რომ პოეტი კომიდან გამოვიდა.

„სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულით განმსჭვალული, ორიგინალური ხელწერით გამორჩეული მისი პოეზია ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი შენაძენია. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან მოყოლებული, სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ბატონი ჯანსუღის თავისუფლებისა და ადამიანური ღირსების იდეალებით ნასაზრდოები უკომპრომისო მოქალაქეობრივი პოზიცია ხმამაღლა უპირისპირდებოდა კონფორმიზმსა და უიმედობას. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახსა და ახლობლებს", — დაწერა მარგველაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალება საქართველოსთვის დიდი დანაკარგია, მიიჩნევს საქართველოს მთავრობის მეთაური.

„მწუხარებას გამოვთქვამ პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას. ჯანსუღ ჩარკვიანი ქართველ პოეტთა იმ თაობას წარმოადგენდა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ მწერლობაში. იგი იყო ქართული კლასიკური პოეზიის თვალსაჩინო გამგრძელებელი, ქართული სიტყვის დიდოსტატი. ჯანსუღ ჩარკვიანის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის", — დაწერა კვირიკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე.

ჯანსუღ ჩარკვიანი - Sputnik საქართველო
ჯანსუღ ჩარკვიანი გარდაიცვალა

ჯანსუღ ჩარკვიანი 1931 წლის 30 სექტემბერს თბილისში დაიბადა. 1953 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მომავალმა პოეტმა პირველი ლექსი 1947 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი სახელწოდებით „ერთი ღამის სიჩუმეში" — 1959 წელს.

ჩარკვიანის ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოებია ლექსი „ჰიმნი თავისუფლებას", რომელიც 1989 წელს გამოქვეყნდა. მოგვიანებით ამ ლექსზე მუსიკა მისმა ვაჟმა მამუკა ჩარკვიანმა დაწერა და ეს კომპოზიცია სსრკ-ის დაშლის შემდეგ ახალი საქართველოს ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.

ჯანსუღ ჩარკვიანი ღირსების ორდენის კავალერი იყო. 1996 წელს მას „თბილისის საპატიო მოქალაქის" წოდება მიანიჭეს. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი.

ყველა ახალი ამბავი
0