თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. იმ კლინიკებს, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვას მოისურვებენ, ოპერაციებზე ფასებს სახელმწიფო განუსაზღვრავს, განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ TV პირველის ეთერში.
ამჟამად პარლამენტში მუშავდება კანონპროექტი, რომელიც სამედიცინო მომსახურების სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პარლამენტს ის განსახილველად 2017 წლის ბოლომდე გადაეცემა.
ზოიძე საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მსოფლიოში ცნობილი სისტემის Diagnosis-related group (DRG) დანერგვას შეეხო, რაც დიაგნოსტიკურად დაკავშირებულ ჯგუფებს ნიშნავს. დეპუტატმა განმარტა, რომ ჯანდაცვის სისტემაში საბაზრო ფასების დადგენა საკმაოდ რთული თემაა და კლინიკებში ხშირად გაუგებარ საფუძველზე ხდება მათი დაანგარიშება. სწორედ მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად შეიქმნა DRG.
„ეს სისტემა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიყენება… ის განსაზღვრავს, რა ხარჯები აქვს ამა თუ იმ კლინიკას კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე გამომდინარე დონიდან და პროფილიდან. ამაში შედის პერსონალის დროც და გამოყენებული სამედიცინო მასალებიც, აგრეთვე ყველა დანარჩენი სამეურნეო ხარჯებიც, რომლებიც აუცილებელია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებისთვის“, — განაცხადა ზოიძემ.
საერთაშორისო მოდელის თანახმად, სამედიცინო სერვისებზე ფასების დადგენა სამ წელიწადში ერთხელ ხდება ექიმების, სადაზღვევო და ფარმაცევტული კომპანიების შეხვედრის შემდეგ.
ზოიძის განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს DRG-ს სისტემის განხილვა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მოდელის საქართველოზე ადაპტირება ერთ წელიწადში მოხერხდება და თუნდაც საპილოტე რეჟიმში დაინერგება.