თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. სიმდიდრე დიდი გამოცდაა, რომელიც უნდა დავძლიოთ შეჭირვებულთა დახმარებით, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს.
პატრიარქმა ყველას მოუწოდა, განსაკუთრებული ყურადღებით წარმოთქვან სიტყვები, რომელსაც დიდი ძალა აქვს: „ჩვენთან არს ღმერთი!“. ამას აქვს დიდი ძალა, რადგან თუ ჩვენთან არს ღმერთი, ვერავითარი მტერი ვერაფერს დაგვაკლებს, აღნიშნა ილია მეორემ.
„მრავალი საცდური დგას ადამიანის წინაშე და ერთ-ერთი საცდური არის სიმდიდრე. დღევანდელი სახარება სწორედ გვაფრთხილებს იმაზე, რამდენად საშიშია სიმდიდრე ადამიანისათვის. თუმცა, იყვნენ მეფეები, დედოფალნი, რომელთაც ჰქონდათ სიმდიდრე, მაგრამ წმინდანებად დარჩნენ. სიმდიდრე არის განსაცდელი და ადამიანმა უნდა დაძლიოს იგი", — განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიმდიდრე თავისთავად არ არის ცოდვა, მაგრამ იგი უნდა გამოყენებული იყოს ადამიანების დასახმარებლად.
„ალბათ, თქვენ ცხოვრებაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა გაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და თქვენ გულში ყოფილა მსჯელობა, კამათი იმის შესახებ, დაეხმარო თუ არა მას. ალბათ, გიფიქრიათ, თუ დავეხმარები, შეიძლება ღვინო დალიოს ან არაყი, მაგრამ თუ არ დაეხმარები, ის მაინც დალევს. ამიტომ შენ შენი საქმე უნდა გააკეთო. ყოფილა შემთხვევაც, როცა ჩაგივლიათ გაჭირვებული ადამიანის გვერდით და უკან დაბრუნებულხართ და მიგიციათ დახმარება. გაჭირვებული ადამიანის დახმარება – ეს არის პირდაპირი გზა სასუფეველში", — აღნიშნა პატრიარქმა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა განაცხადა, რომ ისეთი ოჯახები უნახავს, რომლებიც შვილებს ქველმოქმედებას ასწავლიდნენ. დილით მათ უშვებდნენ ქუჩაში, რათა ეპოვათ გაჭირვებული და მიეყვანათ სახლში. ილია მეორემ ასეთ ადამიანებს ბედნიერები უწოდა.
„ღმერთმა ხედვა მოგცეთ, ღმერთმა გაგიხსნათ გონება და გული, რომ დავეხმაროთ გაჭირვებულ მოყვასს, რომელიც დღეს ასე მრავლად გვყავს", — განაცხადა პატრიარქმა წირვის დროს.