თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი სააგენტო Bloomberg-ის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში კვლავ მოხვდა.
Bloomberg Billionaires Index-ის 30 სექტემბრის რეიტინგის თანახმად, გასულ წელს ივანიშვილის ქონება 300 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
გამოცემის ვერსიით, მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანთა შორის ბიძინა ივანიშვილი 305-ე ადგილზეა. Bloomberg-ის მონაცემებით, მისი ქონება 5,72 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული.
Bloomberg-ის რეიტინგის პირველ ადგილზე მსოფლიოში ინტერნეტით გაყიდვების უმსხვილესი კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსია 93,8 მლრდ აშშ დოლარით. მეორე ადგილზეა კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი 88,7 მლრდ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ამერიკელი ბიზნესმენი და ფილანტროპი უორენ ბაფეტი. მისი ქონება 81 მლრდ დოლარად ფასდება.
პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ ესპანელი მეწარმე და ჰოლდინგ Inditex-ის დამფუძნებელი ამანსიო ორტეგა (77,2 მლრდ დოლარი) და ახალგაზრდა ბიზნესმენი, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი (75,4 მლრდ დოლარი).