თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ბიორკი საქართველოდან საჩუქრების გარეშე არ წასულა — ისლანდიელმა საკულტო მომღერალმა, კომპოზიტორმა და მსახიობმა სამშობლოში წაიღო ახალგაზრდა ქართველი მხატვრის ნინო პაიჭაძის ნამუშევარი.
2014 წელს შესრულებულ ნახატზე გამოსახულია ბიორკი. მომღერლის გამოსახულება აღებულია ბიორკის სიმღერის Pagan Poetry ვიდეოკლიპიდან. ამის შესახებ ინფორმაცია საკუთარ გვერდზე ნინო პაიჭაძემ გამოაქვეყნა.
„მეგობრებო! ძალიან ბედნიერი ამბავი მაქვს. ორგანიზატორებმა შემატყობინეს, რომ ბიორკმა ნახატი წაიღო“, — წერს მხატვარი.
24 წლის ნინო პაიჭაძე თბილისში ცხოვრობს და ამჟამად იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში (Japanese Language & Culture Center) კრეატიული დირექტორის პოზიციაზე მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ერთადერთი ნამუშევარი, რომელიც ნინო პაიჭაძემ ისლანდიელ მომღერალს მიუძღვნა.
ბიორკმა ორი სოლო კონცერტი გამართა თბილისში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალის SOU ფარგლებში. კონცერტზე დასასწრები ბილეთი მომღერლის თაყვანისმცემლებმა 25 ქვეყნიდან შეიძინეს, რაც საქართველოსთვის რეკორდული მაჩვენებელია.