თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ბრიუსელში კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი და ჟენერალიტეტის ოთხი ყოფილი მრჩეველი 24 საათით დააკავეს, იუწყება РИА Новости ფედერალური პროკურატურის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
„ხუთივე პირი, რომლებზეც ძებნა იყო გამოცხადებული, დღეს დილით პოლიციას ჩაბარდნენ. ისინი პატიმრობაში არიან“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მისი თქმით, დაკავებულები პატიმრობაში „მაქსიმუმ 24 საათს გაატარებენ“.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სასამართლომ კატალონიის ექს-მთავრობის წევრებზე ხუთშაბათს დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი გასცა.
მანამდე მოსამართლემ გასცა განკარგულება საქმის არსებით განხილვამდე კატალონიის ჟენერალიტეტის ყოფილი რვა წევრის დაკავების შესახებ, მათ შორის ავტონომიური გაერთიანების მთავრობის მეთაურის ყოფილი მოადგილის ორიოლ ჟუნკერასის ჩათვლით.
ხუთშაბათს ესპანეთის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა პუჩდემონის ფოტო კაფეში, სადაც ის თავის ნაცნობებთან იმყოფებოდა იმ დროს, როდესაც მისი ყოფილი ხელქვეითები მადრიდის სასამართლოში ჩვენებებს იძლეოდნენ.
კატალონიის პარლამენტმა 27 ოქტომბერს რეგიონის დამოუკიდებლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ერთი საათის შემდეგ ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 115-ე მუხლის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც რეგიონში მადრიდის პირდაპირი მმართველობის შემოღების უფლებას იძლევა.